პოლიცია დაკავებისას დაღუპულზე უარყოფითი ხატის შექმნას ცდილობს – გურამ იმნაძე

ნუცუბიძის პლატოზე 32 წლის კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის საქმეზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის შესახებ ეჭვები აქვთ იურისტებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ აუცილებელია გამოძიების სწორი კვალიფიკაციით წარმართვა და სამართალდამცველების სამხრე კამერებისა და საპატრულო ეკიპაჟების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება.

გურამ იმნაძის თქმით, უკვე ცალსახაა, რომ ძალიან ცუდი ნიშნები აქვს პოლიციის მოქმედებას, როდესაც აქცენტირება ხდება იმაზე, თითქოს გარდაცვლილი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და ხშირად მოიხმარდა ფსიქოტროპულ ნივთირებებს:

“ერთი მხრივ, ეს არის სერიოზული პრობლემა, რითიც პოლიციის მხრიდან უკვე ადგილი აქვს მცდელობას, შეიქმნას დაღუპულ ადამიანზე გარვეკული უარყოფითი ხატი; თითქოს უკვე გასაგებია, რამ გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა გუშინ. ასეთი ქცევით პოლიცია და სამართალდამცავი უწყება ავლენს თავის პოზიციას ამ საქმის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა. მეორე მხრივ, აუცილებელია სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვა.”

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, თუმცა, როგორც იურისტი აცხადებს, აუცილებელია აქცენტის გაკეთება სამოხელეო მიმართულებითაც, რადგან თვითონ პოლიციელების საქმიანობასთან გვაქვს შეხება.

“ძალიან პრინციპული მნიშვნელობის იქნება ამ საქმის გამჭვირვლადე წარმართვა. ვიცით, რომ საპატრულო პოლიციის ფორმები უნდა იყოს აღჭურვილი სამხრე ვიდეოკამერებით. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ასევე აღჭურვილია კამერებით. ამიტომ ამ ვიდეოჩანაწერებზე, წესით, უნდა იყოს მნიშვნელოვანი კადრები დაფიქსირებული, რომლებიც ასახავდა ამ მოვლენებს. მათი ანალიზიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს გამოძიების სისწორეში და სრულყოფილებაში,” – განუცხადა ნეტგაზეთს გურამ იმნაძემ.

უფლებადამცველის თქმით, ხშირი არ არის ასეთი ფაქტები და არაა ეს სისტემური პრობლემა, თუმცა სისტემური პრობლმა ის არის, რომ სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელსაც მსგავს საკითხებზე გამოიყენებდა და ასეთ საქმეებს შეისწავლიდა:

ჩვენი პოზიციით, სისტემური პრობლემა არის ამ მექანიზმის არარსებობა და ამას სჭირდება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც გამოიძიებს მსგავსი ტიპის შემთხვევებს.”

როგორც გურამ იმნაძემ განგვიცხადა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დააკვირდება ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობას, რადგან არაერთი სამწუხარო ფაქტი არსებობს, როდესაც პოლიციის მხრიდან შესაძლო დანაშაულებს არ მოჰყვა ეფექტური რეაგირება და არ გამოვლინდა რეალური გარემოებები – “არავინ დასჯილა კონკრეტული მძიმე შედეგის გამო.”

გურამ იმნაძე, EMC-ის იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიციის შესაძლო გადაცდომის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს.

ინციდენტი გუშინ, 25 ოქტომბერს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად დაიღუპა.

“პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ტელეკომპანია “იმედს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი დაკავებისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფებმა პოლიციას მისი დაკავებისაგან თავის შეკავება და  სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოითხოვეს.

შემთხვევას შსს-ს პრესსამსახურის უფროსიც გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ “კატეგორიულად გამორიცხავს იმ ინტერპრეტაციას, თითქოს მამაკაცი პოლიციის ბრალეულობით გარდაიცვალა”. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.