@StalinskyK

ომბუდსმენი დაკავებისას მოქალაქის დაღუპვის საქმეზე პოლიციის შესაძლო გადაცდომას სწავლობს

ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიციის შესაძლო გადაცდომის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს.

ინციდენტი გუშინ, 25 ოქტომბერს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად დაიღუპა.

“პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ტელეკომპანია “იმედს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი დაკავებისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფებმა პოლიციას მისი დაკავებისაგან თავის შეკავება და  სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოითხოვეს.

შემთხვევას შსს-ს პრესსამსახურის უფროსიც გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ “კატეგორიულად გამორიცხავს იმ ინტერპრეტაციას, თითქოს მამაკაცი პოლიციის ბრალეულობით გარდაიცვალა”. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.