ახალი ამბები

ბესელია: კომიტეტის დასკვნა 17 მაისზე არ გასცდება პატრიარქის შეფასებას

17 ივნისი, 2013 • • 1635
ბესელია: კომიტეტის დასკვნა 17 მაისზე არ გასცდება პატრიარქის შეფასებას

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 17 ივნისს,  2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ დასკვნის პროექტი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, კომიტეტ, აღნიშნული აქციისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასების მოთხოვნით განცხადებით მომართა 12 000-მა ადამიანმა.

 

განცხადებას, რომელსაც 17 ივნისის მონაცემებით 13 ათასი ადამიანის ელექტრონული ხელმოწერა აქვს,  წერია, რომ 2017 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლი. აქედან გამომდინარე, განცხადებაზე ხელმომწერები ითხოვენ, ხელისუფლებამ ადეკვატურად და დროულად შეაფასოს აღნიშნული ფაქტები.

 

„უმოქმედობა, შესაძლოა, მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს“, – მიიჩნევენ განცხადებაზე ხელმომწერები.

 

პარლამენტის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები 17 ივნისის მსჯელობის შედგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ 17 მაისს ორივე შეკრების მონაწილეები სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცული შეკრების თავისუფლებით.

 

„ამავდროულად, კომიტეტი უარყოფითად აფასებს შეკრებილების ერთი ჯგუფის მიერ ძალადობის გამოვლენის ფაქტებს. ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რამაც შესაძლებელი გახადა მოსალოდნელი მძიმე შედეგებისა და მსხვერპლის თავიდან აცილება. მისივე თქმით, რამდენიმე პირზე უკვე დაწყებულია გამოძიება. როგორც კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

ის ფაქტი, რომ კომიტეტის სხდომაზე 17 მაისის მოვლენების განხილვაზე არ იყვნენ მიწვეული ლგბტ თემის წარმომადგენლები, ასევე, განცხადების ინიციატორები და ხელმომწერები, აღშფოთებას იწვევს მათში.

 

ეკა ბესელია და პატრიარქი
ეკა ბესელია და პატრიარქი

„როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტი 17 მაისის მოვლენებზე მსჯელობს და არცერთ დაზარალებულს, არცერთ დამკვირვებელ ორგანიზაციას არ იწვევს და იწვევს იმას, ვინც დაგვარბია და ვინც ამ ძალადობის იდეოლოგი იყო, ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი“, –განუცხადა ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ „ნეტგაზეთს“.   ის ამბობს, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შუამდგომლობით მიმართავს სახალხო დამცველს, რათა მან გაუწიოს ორგანიზება ადამიანის უფლებათა კომიტეტთან შეხვედრას.

 

ირაკლი ვაჭარაძის თქმით, მას ეკა ბესელიასგან აინტერესებს, რატომ არ მიიწვიეს 17 მაისის დაზარალებულები კომიტეტის სხდომაზე და რატომ იმყოფებოდნენ იქ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც 17 მაისის ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდნენ.

 

 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის აპარატს განცხადებაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაევალა, რადგან სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა- რატი მაისურაძემ და გიორგი გაბედავამ განაცხადეს, რომ 12 000 ხელმოწერას შორის მათი გვარებიცაა მითითებული, თუმცა მათ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 12 ათასი ხელმოწერის ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენებაზე ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული განცხადების ერთ–ერთი ინიციატორი, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე.

 

„ხელმოწერების გაყალბება სერიოზული ბრალდბაა.  ჯერ ერთი, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ელექტრონული ხელმოწერების შემოწმება არსად არ ხდება, ეს შეუძლებელია, ჩვენ თვითონ წავშალეთ რამდენიმე ათასი ხელმოწერა, რომელიც ეჭვს ბადებდა. 15 ათასიდან 12 ათასამდე შევამცირეთ, რომ  აგვერიდებინა მსგავსი გაყალბებისთვის თავი. მიუხედავად ამისა, ასეთი ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება ყოველთვის რთულია, რადგან გიორგი გაბედავასნაირ პროვოკატორს ყოველთვის შეუძლია თქვას, მე ამისთვის ხელი არ მომიწერიაო“,  – განუცხადა ლაშა ბაქრაძემ „ნეტგაზეთს“.

 

პარლამენტისთვის, პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრისთვის გაგზავნილი განცხადება ხელმოსაწერად ახლაც ღიაა. მასზე 17 ივნისის მონაცემებით 13 ათასზე მეტი ხელმოწერაა, თუმცა მათ შორის არცერთი არ ეკუთვნის გიორგი გაბედავასა და რატი მაისურაძეს.

 

ლაშა ბაქრაძე სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის კონსტიტუციაზე და პარლამენტზე მეტი ფასი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს აქვს.

 

„ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესოა, რაც აქ წერია, რომ  „როგორც კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას“. ეს ნათლად მიგვითითებს იმის თაობაზე, რომ, როგორც ჩანს, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პატრიარქი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება. ეს ნიშანდობლივია დღევანდელი მდგომარეობისათვის, როცა ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მთელი ქვეყანა საპატრიარქოდან იმართება“, – განუცხადა ლაშა ბაქრაძემ „ნეტგაზეთს“.

 

ის ასევე არ ეთანხმება კომიტეტის დასკვნას, რომ 17 მაისს ორივე მხარის გამოხატვის თავისუფლება თანაბრად იყო დაცული. ლაშა ბაქრაძის მოსაზრებით, ადამიანთა მცირე ნაწილმა ვერ ისარგებლა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და გახდა ძალადობის მსხვერპლი.

 

„სამწუხაროდ, სახელმწიფომ მათთვის მიცემული ეს გარანტია ვერ შეასრულა, რადგანაც მეორე მხარეს უფრო ბევრნი იყვნენ და პოლიციამ ვერ გაბედა მათთვის წინაღმდეგობის გაწევა, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს სისუსტეს ნიშნავს“, –მიიჩნევს ლაშა ბაქრაძე.

 

ლაშა ბაქრაძის მოსაზრებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს 17 მაისის მოვლენების განხილვისას აუცილებლად უნდა მიეწვია განცხადების ავტორები და ის ადამიანები, ვის მიმართაც ძალადობა იყო მიმართული და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გასაუბრებით.

 

17 მაისის აქცია
17 მაისის აქცია

„ძალიან სამწუხარია, რომ საქართველოს პარლამენტში ასეთი კომიტეტები არსებობს და ძალიან სამწუხაროა ის ამბავი, რომ, როგორც ჩანს, ამაზე პარლამენტის ხელმძღვანელობასაც არ ექნება რეაგირება“,  – უთხრა ლაშა ბაქრაძემ „ნეტგაზეთს“.

 

„ნეტგაზეთი“  შეეცადა დაკავშირებოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და დაესვა მისთვის კითხვები, რომელიც 17 ივნისის საკომიტეტო განხილვასთან დაკავშირებით გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაძლებლობისთანავე ჩვენ დაუყოვნებლივ მოგაწვდით მის განმარტებას აღნიშნულ საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი