ახალი ამბები

როგორ ვებრძოლოთ ტყის ხანძრებს – რეკომენდაციები ლიტვიდან

26 ოქტომბერი, 2017 • 3094
როგორ ვებრძოლოთ ტყის ხანძრებს – რეკომენდაციები ლიტვიდან

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში აგვისტოს ხანძრების დროს 943 ჰექტარი ფართობი დაიწვა. აქედან 706 ჰექტარი 2008 წელს დამწვარი ტერიტორია იყო. ტყის ხანძრების პრევენციისა და მართვისთვის საქართველოს მთავრობა ლიტვასა და სლოვაკეთთან თანამშრომლობს, რათა ტყის ხანძრების მართვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მოხდეს.

როგორც ლიტვის სატყეო დეპარტამენტის ტყის კულტივაციის განყოფილების ხელმძღვანელი ზბიგნევ გლაცკო ამბობს, წელს ევროკავშირის მასშტაბით ტყის ხანძრების კუთხით ლიტვა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამ შედეგს კი ქვეყანამ თანმიმდევრული პოლიტიკით და მუდმივი მონიტორინგის შედეგად მიაღწია.

გლაცკოს თქმით, ლიტვის გამოცდილება შესაძლოა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყოს და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ის ქართველ კოლეგებს აძლევს, ტყის ხანძრისგან დასაცავი ღონისძიებების ერთ ორგანოში თავმოყრაა:

“ჩვენი საუკეთესო გამოცდილება გვიჩენებს, რომ ძალიან კარგია და მიზანშეწონილია, თუ ტყისგან დამცავი ღონისძიებები ერთ ორგანოში იქნება თავმოყრილი. შესაბამისად, რეაგირებაც უფრო მალე ხდება. ბრიგადები მყისიერად ახდენენ გასვლას და რეაგირებას შემთხვევის ადგილზე, როგორც კი გამოვლინდება ტყის ხანძარი,” – ამბობს გლაცკო.

მისი თქმით, ლიტვაში ტყის ხანძრები, ერთიანი სისტემის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით იმართება. მეტყევეები კი შესაბამისი ტექნიკითა და ეკიპირებით არიან აღჭურვილნი, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში რეაგირება თავადვე მოახდინონ:

“ჩვენს მეტყევეებს აქვთ შესაბამისი მანქანები, სხვა მოწყობილობები და აღჭურვილობა. მათ აქვთ ტყესთან მუშაობის გამოცდილება. ყველა სახელმწიფო სატყეო ორგანიზაციას ჰყავს ძირითადი სახანძრო ბრიგადა, რომელიც 6 ადამიანისგან  შედგება, მათ აქვთ ასევე წყლის ავზი. თუ მაღალი რისკის ტყეა, ასეთი ბრიგადა 2-დან 4-მდე უნდა იყოს. თუ ტყის ხანძრის რისკი არის დაბალი, ასეთ შემთხვევაში თითო ბრიგადაა საჭირო. ექსტრემალურ პირობებში კი უნდა არსებობდეს 10 ადამიანისგან შემდგარი მეხანძრეთა რეზერვი, რომლებიც შესაბამისად იქნებიან აღჭურვილნი,” – ამბობს გლაცკო.

ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანი სისტემის შემუშავება და ტყეების კლასიფიკაცია იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია იქ ხანძრის გაჩენის რისკი. ეს მონაცემები კი მოკლე ვადაში უნდა ახლდებოდეს:

“ლიტვაში არსებული ტყეების 33 პროცენტი მაღალი რისკის კატეგორიაშია მოქცეული, ხოლო 20 პროცენტი საშუალო რისკისაა.

აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში განსაკუთრებით დიდია რისკი ხანძრის გაჩენის  და მონიტორინგი ამ პერიოდში ხორციელდება. ხდება კალკულაცია. საფრთხის რუკა ყოველდღიურად ახლდება. ყოველდღიურად, 12 საათზე, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური გვაწვდის მონაცემებს. ეს ინფორმაცია რადიოთი გადაიცემა და ქვეყნდება ინტერნეტშიც,” – ამბობს ზბიგნევ გლაცკო.

ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად ლიტვაში გეგმური პროცედურებიც არსებობს. მეტყევეები წლის დასაწყისში მთელი ქვეყნის მასშტაბით სატყეო ტერიტორიების დათვალიერებას ახდენენ. მონიტორინგის შემდეგ კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ტყეში რეკრეაციული მიზნით ვიზიტორების შესვლაც აკრძალონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც ლიტველი ექსპერტი საუბრობს, ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვაა.  როგორც გლაცკო ამბობს, ლიტვას ამ პროექტის განსახორციელებლად 8 მილიონი ევრო დასჭირდა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირისგან მიიღო. სისტემა ლიტვაში 2013 წელს დაინერგა და ქვეყნის ყველა ტყეს მოიცავს. მონიტორინგს კი თითოეული ტყის შესაბამისი სატყეო ორგანიზაცია ახდენს:

“ლიტვაში 2013 წელს ავტომატიზირებული ადრეული გაფრთხილების სისტემა დაინერგა. სახანძრო, რომელიც გერმანიაში შემუშავდა, 24 ორგანიზაციაში განხორციელდა მაღალი და საშუალო ხანძრის ალბათობის შემთხვევაში. 8 მილიონი ევრო მივიღეთ ევროკავშირიდან, 84 დეტექტორი დამონტაჟდა ძირითადად მობილური ოპერატორების კოშკებზე და 24 ცენტრალური ობიექტი განთავსდა. თითოეულ ტყეს შესაბამისი სატყეო ორგანიზაცია უწევს მონიტორინგს” – ამბობს გლაცკო.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც საქართველოს უცხოელი პარტნიორები აძლევენ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ფართო საინფორმაციო კამპანიის წარმოაბაა, რათა დაუდევრობის შედეგად ხანძრის გაჩენის საფრთხე შემცირდეს:

“ხანძრის პრევენციის საქმიანობა  ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ტყის პოტენციალის და რესურსის დასაცავად. საჭიროა მივიღოთ ცნობიერების ამაღლების ზომები, ნიშნები შესასვლელებთან, კლიპები რადიოსა და ტელევიზიაში.

უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ინფორმირება.  მაგალითად, ტყეებთან სპეციალური ნიშნები უნდა განთავსდეს. ლიტვაში კამერები არის დამონტაჟებული და გამოიყენება მერქნის კონტროლისათვის. ამდენად, ძალიან ეფექტურია ეს ზომები და მიმაჩნია, რომ უბრალოდ  აკრძალვის ნიშანი კი არ უნდა იყოს, არამედ რეკომენდაცია,  ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა კოცონის ჩაქრობა. ასევე საჭიროა სოციალური რეკლამის მსგავსი ინფორმირების კამპანია ტელევიზიით, რადიოებით,” – ამბობს ლიტვის სატყეო დეპარტამენტის ტყის კულტივაციის განყოფილების ხელმძღვანელი.

ამასთანავე, საჭიროა გეგმური პრევენციული სამუშაოების განხორციელება. იმ რეგიონებში, სადაც ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია, გლაცკოს თქმით, ფართოფოთლოვანი ნარგავების გაშენებაა მიზანშეწონილი, ასევე უნდა მოეწყოს ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები.

საქართველოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, ტყის ხანძრებთან ბრძოლა ეროვნული სატყეო სააგენტოს კომპეტენციას სცილდება, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს. სააგენტოს კი, კადრების გარდა, შესაბამისი აღჭურვილობის პრობლემაც აქვს.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი ამბობს, ტყის მცველების რაოდენობა დღეის მდგომარეობით სააგენტოში 565-ია, როცა ტყის მასივის ფართობი, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს, 1 800 000 ჰექტარია. მომავალ წელს იგეგმება საშტატო რიცხოვნობის 120-ით გაზრდა.

“რაც შეეხება დაგეგმვას, მომავალში რომ უფრო მომზადებული ვიყოთ. მე მინდა გითხრათ, რომ  საბედნიეროდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის სრულად არის განახლებული მონაცემები ტყეების  რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ. ჩვენ 2013-14 წლებში ჩავატარეთ ტყის ინვენტარიზაცია და, შესაბამისად, ამ უბნებში არის გამოყოფილი უკვე ხანძარსაშიში უბნები და უკვე ვიცით, სად უნდა იყოს შესაბამისი ღონისძიებები დაგეგმილი და განხორციელებული,” – ამბობს ნათია იორდანიშვილი.

ამჟამად საქართველოს გარემოს დაცვის სამინსტრო ევროპელ კოლეგებთან ერთად ტყის კოდექსის და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაზე მუშაობს. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი