ახალი ამბები

ნუცუბიძეზე მამაკაცის დაკავებისას დაღუპვის ფაქტს პროკურატურა იძიებს

25 ოქტომბერი, 2017 • 2442
ნუცუბიძეზე მამაკაცის დაკავებისას დაღუპვის ფაქტს პროკურატურა იძიებს

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტს, როცა პოლიციის მიერ დაკავებისას მამაკაცი გარდაიცვალა,  საქართველოს პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აწარმოებს, რაც  სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობას გულისხმობს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

შემთხვევა ნუცუბიძეზე 25 ოქტომბრის საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად გარდაიცვალა.

“პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ფეისბუქ გვერდზე ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ადგილობრივები მომხდარის შესახებ ყვებიან. ერთ-ერთი მათგანის თქმით, მამაკაცის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ პოლიცია მის გაკავებას შეეცადა, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა.

კიდევ ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, რომლის კომენტარი ტელეკომაპნია “იმედმა” გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც მამაკაცმა თავი ცუდად იგრძნო, იქ მყოფი მოქალაქეები პოლიციას მისი დაკავებისაგან თავის შეკავებასა და  სამედიცინო დახმარების აღმოჩენას სთხოვდნენ.

შემთხვევას შსს-ს პრესსამსახურის უფროსიც გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ “კატეგორიულად გამორიცხავს იმ ინტერპრეტაციას, თითქოს მამაკაცი პოლიციის ბრალეულობით გარდაიცვალა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი