ახალი ამბები

იარაღის საიდუმლო სამალავების შექმნის ორი ვერსია

17 ივნისი, 2013 • • 2184
იარაღის საიდუმლო სამალავების შექმნის ორი ვერსია

საქართველოს პარლამენტისა წევრი და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ხელისუფლებას იარაღის საცავების გასაჯაროვებით სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქში”, თავის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის ნამდვილობაც “ნეტგაზეთთან” საუბარშიც დაადასტურა.

 

“იარაღის და ტყვია-წამლის საწყობები გასულ წლებში იყო საგანგებოდ შექმნილი თავდაცვის სამინისტროს მიერ, განკუთვნილი იყო შემოვლითი გზების (ტყეების, ბილიკების) გამოყენებით სპეცდანიშნულების შენაერთებისთვის, დამტკიცებული საიდულმო გრიფით დოკუმენტებით, რომლებიც ინახებიდა და ინახება თავდაცვის სამინისტროში. საომარი მოქმედებების დროს ეს იარაღი უნდა გამოეყენებინა სამხედრო შენაერთებს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების დროს, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა თავდასხმა რომელიმე სამხედრო ბაზაზე. სამწუხაროც აღარაა უკვე, საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდულმოების გახმაურება ხდება და ასე ბინძურად გამოყენება ისევ და ისევ ე. წ. თალბების ვიდეოების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გადასაფარად. სამალავში იარაღს ჩააყარეს სუბოტექსები, დღიურები და რაღაც გაუგებარი ვიდეოფირები, რითაც დასაცინად გაიხადეს თავი ოკუპანტების წინაშე, პირველ რიგში. იმ დროს, როდესაც შსს დაკავებულია საქართველოს სახლემწიფოს მიერ თავის დასაცავად შექმნილი სამალავების ვითომ აღმოჩენით და შიგნით სუბოტექსის ჩაყრით, იმავე დროს, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ორსანტიაში გადმოდიან 14 -კაციანი ჯგუფით რუსები და სრულიად დამამცირებლად ატარებენ სოფლის ჩხრეკას, რაზედაც ვღებულობთ სახელმწიფო რეაქციას, “შეიძლება ითქვას, ზრდილობიანად იქცეოდნენ ოკუპანტებიო”. რა იყო აქ აღმოსაჩენი?! შეიძლება, სამოქალაქო პირებისთვის ეს იყოს საიდუმლო, მაგრამ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ეს ინფორმაცია პირველივე დღიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი! სამარცხვინოა ასე დანგრევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის”, – აცხადებს დავით საყვარელიძე. დეპუტატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო საცავების შესახებ ინფორმაცია დეპუტატობის დროს მიაწოდეს და მასზე როგორც პროკურორს, წვდომის უფლება არ ჰქონდა.

 

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იარაღის საიდუმლო საცავების არსებობა  “ნეტგაზეთს” დაუდასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრმა შაშკინმა.

 

“რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა შემუშავებული თავდაცვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საცეცხლე წერტილების და ბუნკერების აშენებას, იარაღების საიდუმლო სათავსოების გაკეთებას და ა.შ. ამ გეგმას ადევს გრიფი “საიდუმლო” და ასეთი გეგმა ყველა ქვეყანაში არსებობს. მხოლოდ პირველი დონის დაშვების მქონე თანამშრომლებს აქვს ამ გეგმის დეტალებზე ინფორმაცია. იყო თუ არა დღეს ნაჩვენები სამალავები ამ გეგმის ნაწილი, ვერ გეტყვით, რადგან არ არის ცნობილი, თუ სად აღმოაჩინეს ის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დიმიტრი შაშკინმა “ფეისბუქში” მიმოწერის დროს.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ ამბობს, იყო თუ არა ფარული სამალავები სამეგრელოში, რადგან, მისივე განცხადებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოა. 

 

“ნეტგაზეთმა” კითხვით მიმართა შსს–ს, აქვს თუ არა რაიმე კავშირი სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს მეგის ქარდავას შსს–ს მიერ აღმოჩენილ იარაღის სამალავებთან, ან აღნიშნული სამალავები ხომ არ არის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ქსელის ნაწილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ.

 

აღმოჩენილ საბრძოლო მასალაზე საურობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი.

 

“გამოძიება მიმდინარეობს და სანამ არ დასრულდება, ცხადია, რაიმე საფუძვლიანი შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, თუ ეს სამალავი იყო, მოდი დავარქვათ, პარტიზანული მოქმედებისთვის, არა მგონია, პარტიზანებს დასჭირვებოდათ ოპოზიციური პოლიტიკური პირების შესახებ ჩანაწერები, სურათები. თუმცა, თუ ისინი ამბობენ, რომ ეს მასალები და ნარკოტიკები შემდეგ ჩაიყარა, არ ღირს მაშინ ამაზე კომენტარის გაკეთება. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყებენ თავიანთი ვერსიების შეთხზვას. მათ ძალიან კარგად იციან, ეს ვინ, როგორ გააკეთა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოძიებას დაველოდოთ”, – განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა სამეგრელოში აღმოაჩინეს იარაღის ფარული სამალავები, სადაც იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკი, ყოფილი ხელისუფლების დასაჭერ ოპონენტთა სიები და ა.შ. შსს–ს ცნობით, აღნიშნული სამალავები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყო გამიზნული ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი