ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშანი დაისვა

25 ოქტომბერი, 2017 • 1679
მარგველაშვილი: ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშანი დაისვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგები შეაფასა. მისი თქმით, მმართველი პარტიის დიდი უმრავლესობით გამარჯვება სასარგებლოა თავად “ქართული ოცნებისთვის”, თუმცა კითხვებს ბადებს დემოკრატიის ეფექტურობის შესახებ.

“მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ, დიდი უმრავლესობით. ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, თუმცა რამდენად მისალოცია ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე შეგვიძლია კიდევ ბევრი ვიმსჯელოთ. ერთ-ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით უკვე დაისვა და დამიჯერეთ, ამ კითხვის ნიშნით სულისკვეთება გაღრმავდება, არის შემდეგი: ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება კი, არ დავსვათ იქ კითხვა დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის, ეფექტური დემოკრატიის შესახებ?”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არსებული ვითარება წინა ხელისუფლების მიდგომებს ახსენებს:

“მე სულ მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის”დროსაც, მანამდეც, მმართველი პარტიის ძირითადი პათეტიკა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ აქ გავერთიანდით ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე შორსმჭვრეტელები, ყველაზე სინდისიერები, დანარჩენები არ არიან ასეთი კარგები და რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ შევქმნით ოპოზიციას?”

წამყვანის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება აგრძელებს აღნიშნულ რიტორიკას, მარგველაშვილმა დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ “ოცნებაც ამ როლშია”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ არჩევნებში ხმათა 55.81%-ით გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი