ახალი ამბები

ლაშა ტუღუში: ჩანაწერების დახარისხებაც და განადგურებაც შსს-ს პასუხისმგებლობაა

17 ივნისი, 2013 • 1246
ლაშა ტუღუში: ჩანაწერების დახარისხებაც და განადგურებაც შსს-ს პასუხისმგებლობაა

ლაშა ტუღუშის თქმით, პირველ შეხვედრაზე, რომელიც 14 ივნისს შედგა, ჩანაწერების განადგურების მექანიზმებთან დაკავშირებით ზოგადი იდეები გამოითქვა, დეტალები კი ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ:

“ცხადია, საუბარია უკანონოდ მოპოვებულ მასალებზე, უფრო დეტალურად როგორი მეთოდით, როგორი დახარისხებით, ან რა ტიპის და რამდენი მასალა განადგურდება, სავარაუდოდ, ხვალ ვისაუბრებთ, განვიხილავთ ინფორმაციის ტიპოლოგიას და განადგურების მექანიზმებს”, – აცხადებს ლაშა ტუღუში.

მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების დახარისხებაც და განადგურებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა, კომისია კი უბრალოდ საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამს:

“ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომელი მასალებია უკანონოდ გაკეთებული და გასანადგურებელი, შსს–მ უნდა მოგვაწოდოს, მათვე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული მასალები გაანადგურონ, მექანიზმებიც, ცხადია, მათ უნდა შეიმუშავონ, ჩვენ ჩანაწერებს არ ვნახულობთ, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ და გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 

მისი თქმით, პირველი შეხვედრისას ითქვა, რომ ფარული ჩანაწერები ორი კვირის ვადაში უნდა განადგურდეს და ეს ვადა ძალაში რჩება.

 

ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი