პრეზიდენტი: არჩევნებზე დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფორმა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოვლინდა რიგი სირთულეები, რომლებზე რეაგირებაც სახელმწიფოს წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფორმებიც გამოვლინდა, რაც ამომრჩეველთა ნების შესაძლო კონტროლში გამოიხატება:

“იყო დარღვევები და ეს დარღვევები არის აღნიშნული, იდენტიფიცირებული. ახლა მნიშვნელოვანია, ამ ახალ სტილს დარღვევებისა, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, როგორც სახელმწიფომ, რომელმაც უნდა შექმნას დემოკრატია, გავცეთ კონკრეტული პასუხი. მე იმედი მაქვს, რომ როგორც პოლიტიკოსების, ასევე იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების აქტიურობით, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, დაძლეული იქნება ეს ახალი ნოუჰაუები არჩევნებთან მიმართებაში, რომლებიც ახლა ვნახეთ”.

პრეზიდენტის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო არაკონკურენტულობით ხასიათდებოდა, რაც მმართველი პარტიის ხელში თავმოყრილმა დიდმა ფინანსურმა რესურსმა განაპირობა. მარგველაშვილს კითხვები აქვს საჯარო მოხელეების ნების თავისუფლებასთან დაკავშირებითაც.

” გამოჩნდა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, როგროც ასეთზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ვერ თქვა. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საჯარო მოსამსახურეების ნებასთან მიმართებაში, რამდენად თავისუფალი იყო მათი ნება და მათი ხელმძღვანელები კიდევ უფრო კოორდინირებულად ხომ არ აკონტროლებდნენ მათ ნებას. ადამიანებისთვის სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებული. თუ ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც სამსახური აქვთ და სახელმწიფოს ემსახურებიან, ასეთ პოლიტიკურ აქცენტს გავუკეთებთ, მივიდნენ თუ არა არჩევნებზე, როგორ მისცეს ხმა, ეს არა მარტო თავისუფალი ნების გამოვლენასთან მიმართებაში არის პრობლემა, ადამიანის ღირსების შემლახავია ასეთი ურთიერთობა”, – აღნიშნა მან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან