ახალი ამბები

როგორი იქნება საქართველო 2030 წელს – მდგრადი განვითარების მიზნები

26 ოქტომბერი, 2017 • 5233
როგორი იქნება საქართველო 2030 წელს – მდგრადი განვითარების მიზნები

სიღარიბის დაძლევა, ავტოავარიებში სიკვდილიანობის შემცირება, დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა – ასეთია მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილი, რომელიც მსოფლიომ, მათ შორის, საქართველომ 2030 წელს უნდა მიაღწიოს.

გაეროს მდგრადი განვითარების საბჭოს პირველი სხდომა 24 ოქტომბერს თბილისში გაიმართა, სადაც საერთაშორისო, სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციასა და შიდა პოლიტიკაში ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს.

2015 წელს გაეროს წევრი 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ამას უერთდება საქართველოც.

ეს დღის წესრიგი 17 მიზანს და 169 ამოცანას მოიცავს.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი (სანახავად დააწკაპეთ)

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

მიზანი 6:   წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მიზანი  8:  სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის

მიზანი  9:  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა.

მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის.

მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარება

მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბნოების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

“ჩვიდმეტივე მიზანი განვსაზღვრეთ, როგორ ეროვნული პრიორიტეტი და გარდა ამისა, 98 გლობალური სამიზნე გვაქვს ასევე ეროვნულ პრიორიტეტად განსაზღვრული,”- ამბობს სამთავრობო გეგმების სამსახურის უფროსი, ნინო სარიშვილი.

საქართველომ გადაწყვიტა, რომ ცალკე სტრატეგიული დოკუმენტი არ მიეძღვნას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის გასატარებელ ღონისძიებებს:

“გადავწყვიტეთ, ცალკე სამოქმედო გეგმა, ცალკე სტრატეგია, ცალკე სტრატეგიული დოკუმენტი გაეროს განვითარების მიზნებზე არ შევქმნათ იმისთვის, რომ არ გავაკეთოთ საქმიანობის დუბლირება, არამედ პირიქით, უზრუნველვყოთ ის, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ინკორპორირებული იყოს ყველა შიდა ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტში, სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში. ამ მიმართულებით უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს იმ დოკუმენტებთან მიმართებაში, რომელთა განახლებაც მიმდინარეობს,”- განაცხადა ნინო სარიშვილმა.

მისი თქმით, ამ გლობალური მიზნების ნაციონალიზაციის პროცესმა აჩვენა, რომ ქვეყანაში სტატისტიკურ მონაცემები არასაკმარისია და ამ მხრივ მუშაობაა საჭირო:

“ნაციონალიზაციის პროცესმა ყველა ქვეყანას, და მათ შორის საქართველოსაც აჩვენა, რომ დღეს არსებული მონაცემთა ბაზები და მონაცემთა შეგროვების მეთოდები მდგრადი განვითარების მიზნების მოთხოვნებს ვერ პასუხობს, შესაბამისად, ახალ მეთოდზე არის გადასვლა საჭირო. შესაბამისად, ძალაინ მნიშვნელოვანია სათანადო რესურსების მობილიზება და ამიტომ ამ კუთხით ყველა პარტნიორი ორგანიზაციის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ნინო სარიშვლიმა.

მიზანი: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

2014 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 9.77% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს(უკიდურესი სიღარიბე იზომება იმ ადამიანების მიხედვით, ვინც დღეში 1.9 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს). შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მხოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ციფრი შემცირდა და 2016 წელს 8.3%-ს შეადგენს.

2030 წლის მიზანია, რომ სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 1%-ზე ნაკლები იყოს. ყველა ქალს და კაცს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლებები ეკონომიკურ რესურსებთან დაკავშირებით.

ღარიბი და მოწყვლადი ადამიანები არსებითად დაფარული უნდა იყვნენ სოციალური სერვისებით, კერძოდ, 2030 წლისთვის ამ სოციალური სერვისების საჭიროების მქონე მოსახლეობის მინიმუმ 35% უნდა იყოს დაფარული.

შიმშლის აღმოფხვრა

2030 წლისთვის უნდა აღმოიფხვრას შიმშილი ყველასთვის, განსაკუთრებით, ღარიბი და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამაინებისთვის. ჩვილებისთვის მთელი წლის განმავლობაში ნოყიერი და უსაფრთხო საკვები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სტატისტიკა ამის შესახებ სახელმწიფოს არ აქვს და აქ საბაზისო ინდიკატორი 2018 წელს უნდა განისაზღვროს.

ასევე, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა – 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციულობისა და სურსათის მცირე მწარმოებლების, კერძოდ, ქალების, საოჯახო ფერემერებისა და მეთევზეების შემოსავლების გაორმაგება.

ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისთვის

2030 წლისთვის საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 000 ცოცხლად შობილ ბავშვზე 12 შემთხვევამდე უნდა შემცირდეს. 2015 წლის სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი ყოველ 100 000 ბავშვზე 32 შემთხვევა იყო.

2030 წლისთვის ახალშობილთა და 5 წლამდე ბავშვთა პრევენცირებადი სიკვდლიანობა უნდა აღმოიფხვრას. 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 შემთხვევაზე 1-მდე უნდა შემცირდეს (2015  წლის მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10.2-ს უდრის), ხოლო ნეონატალური სიკდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ბავშვზე 5-მდე უნდა შემცირდეს (2015 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 6.1-ს უდრის).

აქვე საუბარია აივ შიდსთან, ტუბერკულოზთან, C ჰეპატიტთან, წყლით გადამდებ და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაზე. ასევე, 2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებისგან გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირებაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდეობის ხელშეწყობაზე.

2030 წლისთვის მისაღწევი ამოცანაა აკრძალული ნივთიერებების, მათ შორის, ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების მოხმარების პრევენციისა და მკურნალობის გაძლიერება. კერძოდ, ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი ოპოიდური ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი 60%-მდე გაიზარდოს (2015 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 15%-ის ტოლია). ალკოჰოლის შემთხვევაში კი ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმრება 18%-მდე უნდა შემცირდეს.

2030 წლისთის ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25-30%-ით უნდა შემცირდეს. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 6 432 ავტოსაგზაო შემთხვება არის რეგისტრირებული, საიდანაც 602 ადამიანი დაიღუპა.

აქვეა საუბარი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და 2030 წლისთვის მოზარდებს შორის შობადობის მაჩვენებლის 40%-ით შემცირებაზე. 2030 წლისთვის ასევე მიღწეული უნდა იყოს ჯანდაცვის სერვისებით მოსახლეობის საყოველთაო დაფარვა და ფინანსური რისკებისგან დაცვა.

2030 წლისთივის სახიფათო ქიმიური ნივთიერებებებით ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად სიკვდილიანიბისა და ავადმყოფობის შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება.

2030 წლისთვის საქართველოში უნდა გაძლიერდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის კონტროლის გაძლიერება და 15 და უფროსი ასაკის ადამიანებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 20%-მდე შემცირდეს. 2010 წლის მონაცემებეით, ეს მაჩვენებელი 30.3%-ს უდრის.

ინკლუზიური და თანაბარი განათლების უზრუნველყოფა

2030 წლისთვის დაწყებითი და საშალო განათლება ხელმისაწვდომია ბავშების 100%-ისთვის, ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს სასკოლო მზაობის პროგრამა. 2030 წლისთვის უნდა გაიზარდოს ხარისხიან ტექნიკურ, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა. 2030 წლისთის პროფესიულ განათლებამიღებულთა 60% დასაქმებული ან თვითდასაქმებული უნდა იყოს.

2030 წელს განათლების ყველა პროგრამა სავალდებულო სახით უნდა მოიცავდეს გლობალური მოქალაქეობის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ განათლებას. სასწავლო გეგმა კი მოიცავდეს თემებს: მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, მშვიდობა და ძალადობისგან თავისუფალი კულტურის ხელშეწყობა, გლობალური მოქალაქეობა და ა.შ.

2030 წლისთის სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლების 100%-ს პროფესიული განვითარების ტრენინგი უნდა ჰქონდეს გავლილი.

გენდერული თანასწორობის მიღწევა, ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

2030 წლისთვის უნდა არსებობდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ექნება კონკრეტული ბიუჯეტი და რომლის განხორციელებაზე მონიტორინგი დაწესდება.

2030 წლისთვის ადგილობროვ ხელისყფლებაში ქალების 30% უნდა იყის დასაქმებული (2016 წელს ეს მაჩვენებელი 11.6%-ია), პარლამენტის წევრების 30% ქალი უნდა იყოს (2015 წელს 16% იყო), პირდაპირი წესით არჩეული მერის 30% ქალი უნდა იყოს ( დღეს ეს მაჩენებელი ნულია), გუბერნატორების 30%-იც ქალი უნდა იყოს, საჯარო სამსახურში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ასევე 30% უნდა იყოს ქალი, ხოლო სასამართლო სისტემაში – 20%. გენდერული ნიშნით ხელფასში განსხვავება 20%-მდე უნდა შემცირდეს.

ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასთვის

2030 წლისთის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 5% უნდა იყოს.

ქალების საშუალო საათობროვი შემოსავალი -14.4 ლარი, ხოლო მამაკაცის საშუალო საათიბრივი შემოსავალი 17.4 ლარი უნდა გახდეს.

უმუშევრობის მაჩვენებელი 2030 წლისთის 9.5%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო 32.4%-დან 24.4%-მდე უნდა შემცირდეს იმ ახალგაზრდების (15-24 წლის) პროპორციული რაოდენობა, ვინც არ სწავლობს, არც მუშაობს და არც პროფესიულ მომზადებას გადის.

შრომის დაცვისა და შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევათა რაოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო 2030 წლისთის შრომის ინსპექტორები ყოველწლიურად უნდა ამოწმებდნენ კომპანიების სულ მცირე 2.5%-ს.

2025 წლისთვის უნდა შემუშავდეს პოლიტიკა ტურიზმის მსგრადი განვითარების მხარდასაჭერად, რის შედეგადაც შეიქმნება სამუშაო ადგილები და პოლულარიზაცია გაეწევა ადგილობრივ კულტურას და პროდუქტებს.

ტყეების მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

2030 წლისთვის ხელი უნდა შეუწყონ ყველა სახის ტყის მდგრად მართვას, გაუდაბნოების შეჩერებას, დეგრადირებადი ტყის აღდგენას, ტყის ხელოვნურ და ბუნებრივ განახლებას.

მდგრადი მოხმარება და წარმოება

გაეროს ცნობით, ყოველ წელს, წარმოებული სურსათის თითქმის ერთი მესამედი, რაც 1,3 მილიარდ ტონას და 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ლპება მომხმარებლების თუ საცალო მოვაჭრეების სანაგვე ყუთებში, ან ფუჭდება ტრანსპორტირების თუ მოსავლის არების არასათანადო პირობების გამო

2030 წლისთვის გლობალურმა საზოგადოებამ უნდა გაანახევროს ნარჩენებად ქცეული და დაკარგული სურსათის ოდენობა.

გადაუდებელი ზომები კლიმატის ცვლილების ზეგავლენის წინააღმდეგ

1880-2012 წლებში გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 0.85°C-ით. 2030 წლისთვის, კლიმატის ცვლილების საფრთხის შემცირების მიზნით, მსოფლიომ უნდა მოახდინოს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის საწინააღმდეგო ზომების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და გეგმებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი