ახალი ამბები

ბესელია მომხრეა, რომ მერაბიშვილს ტელევიზორი მისცენ

17 ივნისი, 2013 • • 922
ბესელია მომხრეა, რომ მერაბიშვილს ტელევიზორი მისცენ

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაშია განთავსებული, შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ექს–პრემიერის საქმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

“თუ ბატონი მერაბიშვილი იმის გამო შიმშილობს, რომ მას ინფორმაცია არ აქვს და ტელევიზორი ჭირდება, მე ბატონ სუბარს მინდა მივმართო, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით. პატიმარს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია და მას ჰქონდეს სხვადასხვა დაშვებული საშუალებები ინფორმაციის მიღებისთვის. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამ საკითხით დაინტერესდება და უზრუნველყოფს იმას, რომ პატიმრობაში მყოფ ბატონ მერაბიშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია მიიღოს, რა ხდება გარეთ.”

 

მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ გარდა ტელევიზორისა, მერაბიშვილი ციხეში კომპიუტერით სარგებლობის უფლებასაც ითხოვს. იურისტის მტკიცებით, კანონი მას ამის შესაძლებლობას ანიჭებს.

 

“ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყო, რომ შეესრულებინა ეს მოთხოვნა, რაც დღემდე არ არის გაკეთებული. უარის პასუხიც კი არ მიგვიღია”.

 

როგორც ცნობილია, განცხადება იმის შესახებ, რომ მერაბიშვილის საკანში ტელევიზორს ითხოვდა, პირველად საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის პარლამენტის წევრმა კშიშტოფ ლისეკმა გააკეთა. მის განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 4 ივნისს გამოეუხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების იზოლატორში მოიქცევა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პატიმრობის შესახებ კოდექსი, მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წახალისების მიზნით მას არა მხოლოდ ტელევიზორს, არამედ რადიომიმღებსაც გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი