ახალი ამბები

კადიევის ოჯახი თვალთვალსა და შეთითხნილ ბრალდებაზე საუბრობს

17 ივნისი, 2013 • • 1295
კადიევის ოჯახი თვალთვალსა და შეთითხნილ ბრალდებაზე საუბრობს

მიკაელ კადიევი და მაგამედ მაგამედოვი შსს–მ რამდენიმე დღის წინ დააკავა. თავდაპირველად სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ისინი ტერაქტის მომზადების მცდელობისთვის იყვნენ დაკავებული, სასამართლოზე კი აღმოჩნდა, რომ მათ ბრალი მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა–შენახვისთვის აქვთ წაყენებული.

 

რამაზ კადიევმა და მისმა ნათესავმა დღეს, 17 ივნისს, პრესკონფერენცია გამართეს “ფრონტნიუსის” პრესკლუბში. როგორც რამაზ კადიევმა განაცხადა, მისი ძმა მიქაელ კადიევი ბრალს არ აღიარებს და ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს.

 

“მიკაელი საქართველოში ბოლო 3.5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მას პრობლემა არ ჰქონია სამართალდამცავებთან, ქუჩაშიც არ აჩერებდნენ და არ ამოწმებდნენ. მისი ოჯახის წევრებიც ჩამოვდიოდით დაღესტნიდან სტუმრად, დასასვენებლად. არ ვიცი, რატომ დაიჭირეს, ვიღაცის ინტერესებში შედიოდა ამის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი, ვის”, – განაცხადა რამაზ კადიევმა. მისივე განცხადებით, რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება ნათესავთან ერთად თავისი ძმის სასამართლო პროცესზე დასასწრებად და ამ დროის განმავლობაში მათ უთვალთვალებენ რამდენიმე ავტომობილით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი მუდმივად დგანან მათთვის უცნობი პირები.

 

როგორც კადიევი ამბობს, გუშინ ამის გამო ჯერ ჟურნალისტებს დაურეკეს, შემდეგ კი პოლიციაც გამოიძახეს, რის შემდეგაც უცნობი პირები მიიმალნენ.

 

რამაზ კადიევისვე თქმით, მის ძმას, მიკაელ კადიევს რამდენიმე დღის წინ ციხეში სტუმრობდა სამი უცნობი პირი, რომლებმაც მას ბრალის აღიარება შესთავაზე.

 

“უთხრეს, აიღე შენს თავზე და მოგამედს გამოვუშვებთ, შენ კი 6 თვე ჩაჯდები და შენც გამოგიშვებთო. მაიკლმა ეს სასამართლოზეც თქვა, მაგრამ პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მიკაელი უდანაშაულოა და არ იცის, ვის აწყობდა მისი გახვევა ამ ამბავში”, – თქვა რამაზ კადიევმა.

 

მიკაელ კადიევისა და მაგამედ მაგამედოვის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავს, თუმცა ოჯახი მათთვის იურისტის დაქირავებას აპირებს. დაკავებულის ძმის განცხადებით, ამოღებულ საბრძოლო მასალაზე არ არის კადიევის თითის ანაბეჭდები და ბრალდება შეთითხნილია. მისივე მტკიცებით, უსაფუძვლოა ის ბრალდებაც, რის გამოც მიკაელ კადიევს ბრალი რუსეთში აქვს წაყენებული.

 

მიკაელ კადიევი რუსეთში მკვლელობის ბრალდებით იძებნება. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პროკურატურამ თბილისისგან კადიევის ექსტრადირება მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 17 ივნისს, განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა.

 

“საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა მოახდინოს მიკაელ კადიევის ექსტრადიცია, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ის გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. მისივე ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი გადაწყვეტილება ექსტრადიციის საქმეებზე, მათ შორის, გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართელოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი