მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი ჭკვიანური გამოგონება

მზე შეიძლება ყველაზე დიდ ენერგეტიკულ რესურსად იქცეს, თუმცა დღემდე 99%-ით სხვა სახის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული.  მაგალითად, აშშ-ში მზე, როგორც ალტერნატიული ენერგია, მხოლოდ ერთი პროცენტითაა ათვისებული.

სერბეთის, ჰოლანდიის, ფინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე მზის ენერგიის გამოყენების ოთხი ჭკვიანური მაგალითი არსებობს.

1.მარწყვის ენერგია (Strawberry Energy)

თუ ბელგრადში მობილური ტელეფონი გაგეთიშებათ, შეგიძლიათ „მარწყვის ხე“ მოძებნოთ და მზის ენერგიით დამუხტოთ როგორც ტელეფონი, ასევე სხვა ნებისმიერი მოწყობილობაც. „მარწყვის ხეები“ (Strawberry Tree) მზის ენერგიაზე მომუშავე სოციალური სადგურებია. აქ მზეზე მომუშავე WI-FI სერვისიც ფუნქციონირებს.

„მარწყვის ხეები“ ბელგრადის ქუჩებში, მოედნებზე, კაფეებსა და პარკებშია დამონტაჟებული. პროექტის იდეა ბელგრადის უნივერსიტეტის სტუდენტს, მილოშ მილისავლევიჩს ეკუთვნის, რომელმაც თანაკურსელებთან ერთად აქცია იდეა რეალობად.

„მარწყვის ხეების“ მისია ყოველდღიურ ცხოვრებაში განახლებადი, სუფთა ენერგიის გამოყენების დანერგვაა. ბელგრადში ამ სადგურებზე 18,695 დამმუხტავი წერტილია განთავსებული. გამოჩენისთანავე ენერგიის ახალ წყაროს 100 000 მომხმარებელი ჰყავდა ბელგრადში.

„მარწყვის ხეში“ მზის ენერგია დღის განმავლობაში გროვდება და ინახება ღრუბლიან ამინდსა და ღამის საათებში გამოსაყენებლად. ყოველ ხეს უფასო პორტები აქვს, რომლებიც 10-15 წუთში მუხტავს მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებს. ბელგრადში დაწყებულ კამპანიას ,,მარწყვის ენერგია” (Strawberry Energy) შემოსავალი სადგურებზე განთავსებული რეკლამებისგან აქვს.


2.მზის რესტორნები ფინეთში

რესტორანი Lapin Kulta Solar Kitchen ფინურმა კომპანია Lapin Kulta-მ გახსნა და მალე მთელ ევროპაში გახსნეს ფილიალები,  კლიენტები ე.წ. მზის საკვებით რომ მოემარაგებინათ. რესტორანი მხოლოდ მზიან დღეებშია ღია და დღის მენიუ დამოკიდებულია იმაზე, თუ ამა თუ იმ დღეს რომელი პროდუქტის მოსამზადებლად იქნება საკმარისი მზის ენერგია. მზიან დღეებში ჰელსინკის კალასატამას რაიონში მდებარე რესტორანს დღეში 1000-მდე ვიზიტორი ჰყავს. უზარმაზარი ,,მზის ქურები’’ სპეციალური მეტალისგანაა დამზადებული, რომელიც მზის სითბოს სწრაფად კრებს და საკმარისად ცხელდება სხვადასხვა პროდუქტის მოსამზადებლად. ასე მომზადებულ საკვებს განსხვავებული გემო აქვს და რესტორნებიც ძირითადად ეკოტურისტებს იზიდავს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს და სუფთა ენერგიას ანიჭებენ უპირატესობას.

  3.მზის ბილბორდები დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ამერიკაში.

კომპანია Ricoh მზის ენერგიაზე მომუშავე სარეკლამო ბილბორდებს ამონტაჟებს სხვადასხვა ქალაქში: სიდნეიში, ნიუ-იორკსა და ლონდონში. ბილბორდი ნათდება მაშინ, როცა განახლებადი, დაგროვილი ენერგიის რაოდენობა საკმარისია. ,,ეკო ბილბორდი’’ ერთადერთი გამოგონებაა, რომელიც ერთდროულად ორი სხვადასხვა სახის განახლებადი ენერგიით საზრდოობს – ქარის ხუთი ტურბინითა და მზის 96 ბატარეით. კომპანია იმედოვნებს, რომ 2050 წლისთვის მათი ფილიალები გაიხსნება მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქალაქში და სუფთა ენერგიაზე მომუშავე სარეკლამო ბილბორდები ეკოქალაქების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცევა.


 4.ნიდერლანდები-მზის გზა

ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია და ინოვაციებზე მომუშავე კვლევითმა ფირმა TNO-მ გადაწყვიტა, ეს ფაქტორი მზის ენერგიის დასაგროვებლად გამოეყენებინა. ამსტერდამში 250 მილის სიგრძის საველოსიპედე ბილიკები დამცავი, გამძლე მინით იფარება. მინა მზის ენერგიას აგროვებს. გარდა ამისა, ამავე ბილიკზე განთავსებული სპეციალური პანელების მეშვეობით ველოსიპედისტები ავტომატურად გამოიმუშავებენ ენერგიას სიარულისას. ,,მზის ბილიკის’’ ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 50 კვტ.სთ ენერგია გროვდება, რომელიც ქსელით გადაიცემა შუქნიშნების, ქუჩის განათების უზრუნველსაყოფად და სახლების გასანათებლადაც კი.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი