ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა “რეჟიმის გასამართლების” მომთხოვნი რეზოლუცია განიხილა

17 ივნისი, 2013 • • 941
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა “რეჟიმის გასამართლების” მომთხოვნი რეზოლუცია განიხილა

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, სამართლებრივი შეფასების გაკეთება კომიტეტის კომპეტენცია არ არის:

 

“ბოლო წლებში ჩადენილ ფაქტები, რომლებზედაც, ნაწილზე ალბათ და შესაძლოა დიდ ნაწილზე, უკვე დაწყებულია გამოძიება და მუშაობს პროკურატურა, ეს არის ჩვენი სამართალდამცავების კომპეტენცია, რომ მათ დაადგინონ კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტები და სამართლებრივი შეფასების მიცემა არის გამოძიების და შემდეგ, საბოლოოდ სასამართლოს ვალდებულება.”

 

რაც შეეხება “რეჟიმის” პოლიტიკურ შეფასებას, ბესელიას თქმით, ეს შესაძლებელია რეზოლუციით, დადგენილებით, ან  რაიმე ფორმით პარლამენტის მიერ მოხდეს:

 

“რეჟიმის პოლიტიკური შეფასება, მე ვფიქრობ, ეს შესაძლებელია რეზოლუციით, დადგენილებით, რაიმე ფორმით პარლამენტის მიერ მოხდეს. ჩვენ პრაქტიკულად ამის საფუძველი შევქმენით, როდესაც პოლიტიკური პატიმრების აღიარება მოხდა პარლამენტის მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო პოლიტიკური შეფასება წინა ძალადობრივი რეჟიმის, თუმცა შესაძლებელია ასევე კომიტეტმა იმუშაოს კონკრეტულ დასკვნაზე, სადაც ასახული იქნება გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდeგ სწორედ პოლიტიკური შეფასება, თუ რა ტიპის ძალადობებეთან ან რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე. როგორი იყო უსამართლობის მასშტაბი, რა დარღვევები ხდებოდა და ა.შ. ეს შეიძლება მოხდეს პარლამენტის მიერ, ამას უნდა უმრავლესობის მხარდაჭერა, ჩვენ კომიტეტში ვიმუშავებთ, რადგან მასალა შემოვიდა, მოვამზადებთ გარკვეულ პროექტს, რომელსაც შემდეგ წარვადგენთ.”

 

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის თქმით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაგვიანებულია:

 

“კომიტეტმა დაიწყო რეზოლუციის განხილვა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გადაწყდება იმიტომ, რომ პარლამენტმა იგრძნო, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა რომელიმე ერთი ჯგუფის. მგონია, ამას ექნება პერსპექტივა, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დაგვიანებული პროცესი იმიტომ, რომ უამრავმა ადამიანმა ხელახლა განიცადა ზიანი და ზარალი იმის გამო, რომ ამ რეჟიმის შეფასება არ მოხდა დროულად. “

ნანა კაკაბაძე და ეკა ბესელია
ნანა კაკაბაძე და ეკა ბესელია

19 მაისს სპორტის სასახლეში პოლიტპატიმრად აღიარებული ადამიანების ორგანიზებით გაიმართა ყრილობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენასა და რეჟიმის გასამართლებას მოითხოვეს.

 

ყრილობის გარდა, დაფუძნდა სახალხო მოძრაობა “სამართლიანობა უნდა აღდგეს” და შეიქმნა კომისია, რომელიც ერთ–ერთი ორგანიზატორის, პოლიტპატიმრად აღიარებული ტრისტან წითელაშვილის განცხaდებით, კონკრეტული ადამიანების მიმართულებით იმუშავებს:

 

“კომისია მოახდენს შუამავლობას პარლამენტსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დაზარალდნენ,” – განაცხადა მან. 

 

ყრილობის დასასრულს შეკრებილებს რეზოლუციის ტექსტი გააცნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმართავენ საქართველოს პარლამენტს შემდეგი მოთხოვნით:

 

შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში  ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მას. 

 

გარდა ამისა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის გაზიარებას  და ” ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში სამართლიანი და ობიექტური პოზიციის დაფიქსირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი