ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შსს აზერბაიჯანიდან საქართველოში “კანონიერი ქურდის” შემოსვლას არ ადასტურებს

25 ოქტომბერი, 2017 • 10377
შსს აზერბაიჯანიდან საქართველოში “კანონიერი ქურდის” შემოსვლას არ ადასტურებს

საქართველოში დაბადებული 45 წლის ცნობილი ე.წ კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, რომელიც ცნობილია მეტსახელით “ლოტუ გული”   აზერბაიჯანის სასამართლომ 23 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.

როგორც სალიფოვის ადვოკატმა, ტარანა ალიევამ ნეტგაზეთს განუცხადა, ის ვარაუდობს, რომ ნადირ სალიფოვი საქართველოში გაემგზავრა.

“12 წელია მისი ადვოკატი ვიყავი, თუმცა, ბოლო სასამართლოს შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო, ვინაიდან საქართველოშია დაბადებული და წესით, საქართველოს მოქალაქეა”, – ამბობს ადვოკატი.

საქართველოში ნადირ სალიფოვს უკავშირდება 2013 წელს ქურდული სამყაროს 13 წევრის დაკავების საქმე – შსს აცხადებდა, რომ  “დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. “კანონიერი ქურდების” გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ, 8-კაციანი დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს იღებდა და ასრულებდა რუსეთში მცხოვრები ერთ–ერთი ე.წ. “კანონიერი ქურდისგან”, ხოლო მეორე 5-კაციან დაჯგუფებას მართავდა ე.წ. “კანონიერი ქურდი” ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „გულუ“”, რომელიც რომელიც აზერბაიჯანის საპყრობილეში იხდიდა სასჯელს”.

შემოვიდა თუ არა საქართველოში ნადირ სალიფოვი, რომელიც ქართული კანონმდებლობის თანახმად საზღვარზევე უნდა დაეკავებინათ, – ამის გასარკვევად “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ნადირ სალიფოვს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ადვოკატის თქმით, 1995 წელს სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდს ნადირ სალიფოვს ამ დრომდე საბჭოთა პასპორტს აქვს.

არის თუ არა საქართველოს მოქალაქე, ან გასცა თუ არა მასზე ქართული პასპორტი საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა? ამ კითხვაზე ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მსგავსი პირადი ინფორმაციის გაცემა უწყებას არ შეუძლია.

აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურები ადგილობრივ მედიასთან კომენტარს აღნიშნულ საკითხზე არ აკეთებენ.

აზერბაიჯანული პრესის ცნობითვე, კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, კრიმინალური ავტორიტეტი თურქეთში გაემგზავრა და არა საქართველოში.

საქართველოში ნადირ სალიფოვთან დაკავშირებული 2 ამბავია გავრცელებული:

[checklist]

  • “ქურდული სამყაროს” 13 წევრის დაკავება, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო:  როგორც შსს-ს მაშინდელ განცხადებაში წერია, გამოძიების მასალებით “დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. “კანონიერი ქურდების” გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ, 8-კაციანი დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს იღებდა და ასრულებდა რუსეთში მცხოვრები ერთ–ერთი ე.წ. “კანონიერი ქურდისგან”, ხოლო მეორე 5-კაციან დაჯგუფებას მართავდა ე.წ. “კანონიერი ქურდი” ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „გულუ“, რომელიც აზერბაიჯანის საპყრობილეში იხდის სასჯელს”.
  • ნადირ სალიფოვის სახელმა ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ 2017 წლის სექტემბერში გაიჟღერა, როდესაც თბილისში, აბანოთუბანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ელშან მამედოვი ჩაცხრილეს. ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ნადირ სალიფოვის დაკვეთა სახელდებოდა.

[/checklist]

 

 რუსული მედია  ნადირ სალიფოვის გათავისუფლებით ე.წ. ქურდულ სამყაროში შესაძლო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

“გულის გამოსვლით ქურდულ სამყაროში იმ ცვლილებებს ელიან, რომელიც შაქროს [კალაშოვი] დროს ასეც ვერ განხორციელდა. პატიმრობაში ყოფნის დროს, გული, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ყოველთვის ინარჩუნებდა გავლენას იმაზე, რაც ციხის მიღმა ხდებოდა. გაცილებით მეტს ახერხებდა, ვიდრე შაქრო ესპანური ციხიდან”, – წერს რუსული გამოცემა “ფრაიმ ქრაიმი”.

ნადირ სალიფოვი საქართველოში, დმანისის რაიონში დაიბადა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი პატიმრობის ვადა 2021 წელს იწურებოდა. 90-იან წლებში ის რამდენიმე გასაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლეს.

ნადირ სალოფოვი; ფოტო: vesti.az

 

მასალების გადაბეჭდვის წესი