საზმაუს ფუნქცია კერძო კომპანიის შემოსავლებზე ზრუნვა არაა – მსხილაძე

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხზე “ნეტგაზეთი” მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ქეთი მსხილაძეს ესაუბრა:

რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ტელევიზიამ ამხელა თანხა დახარჯოს ერთი გადაცემის გადაღების გამო, ისიც ქირის სახით, იმის ფონზე, როდესაც მენეჯმენტი ამბობს, რომ ბევრი გადაცემა სწორედ იმიტომ შეწყვიტა, თანხები დაეზოგა?

რასაკვირველია, არ მიმაჩნია სწორად და ვთვლი, რომ ეს არის ფულის ფლანგვა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბჭომ მათ დაუმტკიცა ბიუჯეტი ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც და მასში შედიოდა განათების უზრუნველყოფაც. უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ეს აღჭურვილობა შეესყიდათ. ცხადია, ტელევიზიას სჭირდება ტექნიკური აღჭურვილობა, თავის განათებით და ამაზე ჩვენ მივეცით თანხმობა, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა დალოდება და როგორც აქამდე გადიოდა “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადაცემები, ასე გასულიყო ახლაც. რატომ მხოლოდ ერთი გადაცემისთვის [იხარჯება ეს ფული] და არა სხვა გადაცემებისთვის? რამდენიმე თვე დასჭირდებოდა ტექნიკური აღჭურვისთვის, თავისუფლად შეეძლო მენეჯმენტს მოეთმინა ეს რამდენიმე თვე და აქამდე როგორც გადიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები, ასე გაგრძელებულიყო. მით უმეტეს, იმის გამო, რომ ფული დაეზოგა და ეკონომია გაეკეთებინა, [თავიდან როგორც განაცხადა მენეჯმენტმა] საერთოდ შეაჩერა გადაცემები. დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერი არის სტერილური, მე თუ მკითხავთ, ჯობდა ეს ფული დახარჯულიყო სასარგებლო გადაცემის მომზადებაზე, ვიდრე 9-თვიანი და რომელიმე ფავორიტი კერძო კომპანიის შემოსავლების ზრუნვაზე.

რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ ის, რომ ხელშეკრულება ბერა ივანიშვილის კომპანიასთან გაფორმდება, რაზე მეტყველებს ეს გადაწყვეტილება?

ამ გარიგების დეტალები მე არ ვიცი, მაგრამ არ გამკვირვებია. ვასილ მაღლაფერიძის გენერალურ დირექტორად არჩევის წინააღმდეგი იმიტომ ვიყავი, რომ მას ჰქონდა გამოკვეთილი პოლიტიკური კავშირები, სიმპათიები და ბოლო წლების სამუშაო გამოცდილება მაძლევდა ეჭვის საფუძველს, რომ მის ნეიტრალურობაში ეჭვი შემეტანა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ნეიტრალურობას ლაქა არ მოსცხებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პოლიტიკურიც და კომერციული გავლენაც. ტელევიზიის ნეიტრალურობა არც არასდროს იყო აღიარებული, სამწუხაროდ, ეს ნეიტრალურობა ეჭვქვეშ არის დამდგარი, რად უნდა ამას ლაპარაკი?!

მე ჩემი ვარაუდები და ეჭვები მქონდა, უბრალოდ, ამას საჯაროდ არ ვამბობდი, რადგან ამას დასაბუთება სჭირდება. ჩემი ეჭვები და ვარაუდები ნელ-ნელა მართლდება, ჯერ  “ჯიდიესის” მთელი ჟურნალისტური კორპუსი გადმოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალური ჟურნალისტებით შეივსო “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ყველას, ასე ვთქვათ, აქვს თავისი სიმპათიები. ეს მოხდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლების, თან კარგი გადაცემის წამყვანების ხარჯზე. ასევე, ჩემი აზრით, ხარისხიანი და სასარგებლო გადაცემების დახურვის ხარჯზე. ახლა “ჯიდიესიდან” გადმოყვანილი წამყვანის გადაცემის განათებისთვის ბერა ივანიშვილის კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში. ჩემი ეჭვები და ვარაუდები მართლდება. ეს არის ნეპოტიზმი, ფავორიტიზმი და ეს კლავს ჯანსაღ კონკურენციას ქვეყანაში. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფუნქცია არ არის კერძო კომპანიის შემოსავლებზე ზრუნვა.

უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტზე, თავად ბორდს თუ შეუძლია ჩაერიოს მენეჯმენტის გადაწყვეტილებაში, თუ მიიჩნევს, რომ ეს ხარჯი არამიზნობრივია?

რაც შეეხება უშუალოდ ამ ტენდერს, ჩვენ ამ ტენდერზე უშუალოდ თანხა არ დაგვიმტკიცებია, ეს თანხა არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 1%-ს. ეს თანხა გამოიყენა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის თანხიდან. საბჭოს ერთადერთი შეუძლია, გამოთქვას თავისი პრეტენზია. მენეჯმენტს, მეორეს მხრივ, აქვს თავის არგუმენტები, მოტრიალდება და გეტყვის, რომ იურიდიულად არის ყველაფერი გამართული, ჩვენ გვჭირდებოდა კარგი განათება და გვჭირდება აღჭურვა. კი, როგორც შინაარსობრივი მხარეა მნიშვნელოვანი, ასევე ტექნიკური მხარეა მნიშვნელოვანი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, უპირველესი არის შინაარსობრივი მხარე და მაშინ, როდესაც პერსპექტივაში ეს აუცილებლად გაკეთდებოდა, მოხდებოდა მაუწყებლის აღჭურვა, თავისუფლად შეიძლებოდა თავის შეკავება და ამ გადაცემას თავისი შინაარსით უნდა ეყოჩაღა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ეს ტენდერი, რადგან ბორდს არ გაქვთ ჩარევის ბერკეტი, ამ ტენდერის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა შეისწავლოს თუ არა გარეთა ინსტიტუციამ?

ყოველი წლის შემდეგ, მოგეხსენებათ, შემოდის დამოუკიდებელი აუდიტორი, პრობლემაც ეგ არის, ჩვენ, სერიოზულ მორალურ პრობლემაზე ვსაუბრობთ. მე დოკუმენტები აღარ გამომითხოვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იურიდიულად, ქაღალდზე ყველაფერი იქნება კანონის და წესის შესაბამისად. აქ ჩვენ ვსაუბრობთ მორალურ მხარეზე, მაუწყებლის პრესტიჟზე, მის მიმართ ნდობის გაჩენაზე, მის უმთავრეს დანიშნულებაზე, იყოს ნეიტრალური და იყოს ისეთი, როგორი ფუნქციაც კანონით აქვს განსაზღვრული – პოლიტიკური, კომერციული თუ ნებისმიერი გავლენისგან თავისუფალი. ისევ ვამბობ, ეს გადაწყვეტილება იურიდიულად ალბათ არის გამართული, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ პასუხობს კანონში განსაზღვრულ მოთხოვნებს მაუწყებლის მიმართ, ეჭვის ქვეშ აყენებს თავისი მორალური მხარით.  ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს საბჭომ, საზოგადოებამ ამ გარიგების მორალური მხარე ეჭვქვეშ დააყენოს.

თვითონ საბჭოში რა პოზიციებია? 

გვქონდა დღეს მსჯელობა, საბჭოს ნაწილი არის ასევე აღშფოთებული ამ გადაწყვეტილებით, ერთ-ორი ამართლებს კიდეც…

უმრავლესობა რომელ პოზიციაზეა?

მე ვიტყოდი ნახევარი- ნახევარზეა, ისეთები არიან, რომლებიც არაფერს ამბობენ და ჩუმად არიან, ასე ურჩევნიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com