ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი: ვინც ე.წ. ციანიდის საქმე შეთხზა, არის ძალიან ბოროტი ადამიანი | ვიდეო

25 ოქტომბერი, 2017 • 2793
მიტროპოლიტი დიმიტრი: ვინც ე.წ. ციანიდის საქმე შეთხზა, არის ძალიან ბოროტი ადამიანი | ვიდეო

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც დღეს მატროსოვის ციხეში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს შეხვდა, აცხადებს, რომ ყველაზე მეტად სურს, დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულება გაირკვეს. მისი თქმით, ვინც ეს ყველაფერი შეთხზა, არის ძალიან ბოროტი ადამიანი.

როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, დეკანოზი მამალაძე საკმაოდ მძიმე მდოგმაორებაშია, რაც გასაკვირი არ იყო მისთვის.

დიმიტრი შიოლაშვილის თქმით, გიორგი მამალაძესთან საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ე.წ. ციანიდის საქმეზე და თვლის, რომ ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ მის, არამედ მთელი ეკლესიის წინაამღდეგ, ხოლო ვინც ეს ყველაფერი შეთხზა, არის ძალიან ბოროტი ადამიანი იმიტომ, რომ ვერავინ მოიფიქრებდა პატრიარქის წინააღმდეგ წასულიყო – მის გამზრდელთან, ბიძასთან და სულიერ მამასთან.

” ვისაუბრეთ დიდხანს და ვუთხარი, ეჭვი არ მეპარება, რომ გარკვეულწილად ეს საქმე იყო ჩემ წინააღმდეგ მიმართული. თუმცა ავღნისშნე, რომ ეს იყო ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ. ვკითხე, რატომ არის ის ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი, და წინა პრესკონფერენციაზეც ავღნიშნე, რომ ბევრი კითხვები დაგვიტოვა გამოძიებამ უშუალოდ ციანიდთან დაკავშირებით – ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას. ვერ დადასტურდა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ციანიდი. თავის დროზე პროკურორებსაც მოვახსენე, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ვრჩები ისევ იმ ჩემს ძვეელ აზრზე – ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი რაღაც დოზაზე, განეიტრალებაზე, ტკბილზე და ა.შ. ამაზეც მამა გიორგი ისევ თავის აზრზე რჩება, რომ ეს მას მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ყოველთვის ასახელებდა; ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა ეს შეკვეთა, რომ ჩამოეტანა [ციანიდი] და გადაეცა მისთვის,” – ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი.

კითხვაზე, სჯერა თუ არა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის, მიტროპოლიტი დიმიტრი პასუხობს:

“ვისაუბრეთ ამ თემაზეც. მან ბოდიშიც მომიხადა, რომ ბევრ საკითხებს ჩემთან არ ათანხმებდა. ვკითხე მას, რომ თუ შორენამ შეგიკვეთა, რატომ არ მოხვედი და ჩამაყენე საქმის კურსში, რაზეც მიპასუხა, რომ ეს იყო მისი შეცდომა. ბევრ შეცდომებზე ვისაუბრეთ, ბევრ ისეთ საკითხზე, რომლის საქმის კურსშიც უნდა ვყოფილიყავი და, სამწუხაროდ, არ ვიყავი. მაგალითად, იქ საუბარია მის ბიზნესინტერესებზე და გარკვეულ კომპანიებზე, რომელიც შემდეგ პრესით და ტელევიზიითაც გაჟღერდა. ვუთხარი, რომ მე ეს უნდა მცოდნოდა, რადგან არ ვაძლევ სასულიერო პირებს უფლებას, რომ სასულიერო მსახურებასთან ერთად, აწარმოონ რაღაც გარკვეული ბიზნესი; მათ ოჯახის წევრებს ამის სრული უფლება აქვთ, მაგრამ სასულიერო პირებს – არა, რაზეც მითხრა, რომ სამწუხაროდ, მე ეს არ ვიცოდიო.”

მიტროპოლიტ დიმიტრის თქმით, გიორგი მამალაძესთან ციხეში შესვლამდე ილია მეორესაც ესაუბრა და ჩააყენა საქმის კურსში, ხოლო დეკანოზთან შეხვედრის შემდეგაც მოუყვება პატრიარქს ყველაფერს.

მისი თქმით, დეკანოზ მამალაძესთან ისაუბრა ზიარების საკითხთან დაკავშირებითაც. მიტროპოლიტის თქმით, არაერთხელ გახმიანდა, თითქოს ის არის გიორგი მამალაძის სულიერი მოძღვარი, თუმცა არასდროს მისთვის აღსარება არ ჩაუბარებია და უბრალოდ მაკურთხებელი მღვდელმთავარია:

“მისი სულიერი მოძღვარი არის ბათუმში, რომელსაც შევხვდები. ჩამოვალთ და ვისაუბრებთ მის უწმინდესობასთან [პატრიარქთან] იმიტომ, რომ მისი ზიარების საკითხი განიხილებოდა სინოდზე. ასე რომ, გარკვეულწილად, მე უკვე უძლური ვარ იმიტომ, რომ კრებითი სახე მიიღო ამ ყველაფერმა. ალბათ, გადავწყვიტავთ [პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ] იმიტომ, რომ ის დაჟინებით ითხოვს ზიარებას. მე ის ვიცი, რომ ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი გარკვეულწილად დაგეგმა, საეროა თუ სასულიერო პირია, წეღანაც აღვნიშნე, რომ არის ძალიან ბოროტი ადამიანი; იმაზე დიდი სიბოროტე არ შეიძლებოდა მოეფიქრებინა, რომ ჩემი საახლობლო წრე ყოფილიყო გარკვეულ დაპირისპირებაში იმ ადამიანთან, ვის მიმართაც მე სიცოცხლით ვარ ვალდებული [გულისხმობს ილია მეორეს]. მიხარია, რომ სახარებაში არის ძალიან კარგი სიტყვები – არ არის დაფარული, რომელიც არ გამოცხადდება.”

როგორც დიმიტრი შიოლაშვილი აცხადებს, ბოლო ორი თვის განმავლობაში პატრიარქი ბათუმში ორჯერ იყო მასთან ჩასული დასასვენებლად და ამ თემაზე იქაც ისაუბრეს.

“მინდა გითხრათ, რომ ყველა ვართ თავზარდაცემულები. თავიდანვეც ასე იყო, როცა გერმანიაში გავიგეთ ამ ამბავზე – ვერაფრით წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა ასეთი რამე მომხდარიყო,” – ამბობს ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი.

დიმიტრი შიოლაშვილის საუბრობს იმის შესახებ, თუ აქამდე რატომ არ მოინახულა დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში, რის გამოც არაერთხელ უსაყვედურეს:

“ჯერ ერთი, გამოძიება როდესაც მიმდინარეობდა, ზედმეტი კითხვები რომ არ დასმულიყო, თავი შევიკავე. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მღვდელმთავარი როდესაც შევიდა მამა გიორგისთან, თავიდან, ჯერ კიდვ ჩვენი გერმანიაში ყოფნისას, გაჩნდა კითხვა – ამ მღვდელმთავარმა ხომ არ უკარნახა და მან ხომ არ მისცა რჩევა, ეს ეთქვა შორენასთვის და ა.შ. ამას მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან საუბარი, რომ ჩამოვა მეუფე დიმიტრი, შევა და ის კიდევ სხვა დავალებებს მისცემს. მეორეც, უნდა გამიგოთ – ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში გახლდით, რაც უნდა დამეძლია იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოქცევა. რომ მიხვიდე ადამიანთან ციხეში, ის უნდა გაამხნევო, ნუგეში უნდა სცე, თუმცა იმ პერიოდში მეც ამას ვსაჭიროებდი. ღვთის მადლით, ეს ყველაფერი დაიძლია და შევხვდით. ძალიან ემოციური, მძიმე, აუცილებელი და საჭირო შეხვედრა გვქონდა.”

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი მატროსოვის ციხეში შედის დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად. 25.10.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, გიორგი მამალაძეს ჰკითხა, თუ ვისზე საუბრობდა ჩანაწერებში, რომლებიც პროკურატურამ გაავრცელა:

“ჩემი მთავარი კითხვა იყო ეს. ჩანაწერში საუბარია დოზაზე, განეიტრალებაზე… ვისზეა ეს საუბარი? ადამიანზეა? ცხოველზეა? მამა გიორგი როგორც ამბობს, ეს არის დამონტაჟებული უცნაურად. მან მითხრა, რომ ირაკლი მამალაძე მისვამდა ამ კითხვებს და მე ვეუბნები, რომ ეს კაცის მოსაკლავად კი არ მინდაო. თვითონ, თავისთავად, უარობს და რა ვიცი…”

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, როგორც ყველა, პატრიარქიც გაორებულ მდგომარეობაშია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.

“თვითონ პატრიარქმა ცის ჩამოქცევა უწოდა ამ ამბავს, გახსოვთ თქვენ, თუმცა ის ყველას გვანუგეშებს და თავის თავსაც, რომ ამის ჩამდენი არ უნდა იყოს [დეკანოზი მამალაძე]. ყველაზე მეტად თუ ვინმეს უნდა, მამა გიორგი გამართლდეს და უდანაშაულო დარჩეს, ერთ-ერთი მე ვარ, მერწმუნეთ,” – აცხაედბს დიმიტრი შიოლაშვილი.

მიტროპოლიტმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ სად იმყოფება მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი და კვლავ აქვს თუ არა პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან კონტაქტი:

“ოხ, ეს ოხანაშვილი… მოკლედ, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა… ის არის ძალიან ზრდასრული ადამიანი, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ჩვენ ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია არასასიამოვნო საუბრები  მის გარკვეულ უხეშობებთან ადამიანებთან მიმართებაში, ღვმდელთმავრებთან თუ ჩვეულებრივ ადამიანებთან, რაზეც მეუბნებოდა, რომ მე სამსახური მაქვს ასეთიო. მის სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით მე მას ვესაუბრე და მითხრა, რომ მე ამას ვერაფრით გავავრცელებდიო იმიტომ, რომ მე ვარ უცხოეთში და გარკვეულწილად მოსთხოვეთ პასუხი იმას, ვინც გამოიტანა ჩემი სასამართლოში მიცემული ჩვენებაო. ის ამბობს, რომ მე სასამართლოზე კითხვა დამისვეს და პასუხი გავეციო. მართალი გითხრათ, მე თვითონ გაოცებული ვარ, იგივე პატიმრების შეწყალების საკითხი, მჩხიბაობის საკითხი, ცინაიდის საკითხთან ვერ ვაკავშირებ ვერაფრით.”

მიტროპოლიტი დიმიტრი ნახევრად ხუმრობით პასუხობს, თუ ამჟამად სად შეიძლება იყოს სოსო ოხანაშვილი:

“სოსო არის მორიჩიტი ბერივით და მოგზაურობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში – ხან რუსეთშია, ხან უკრაინაშიც… რომ გითხრათ, თითქოს ძალიან ახლო, მჭიდრო და ინტერნსიური ურთიერთობა გვაქვს, არც ასე არ არის. რამდენჯერმე ვისაუბრეთ და ეს იყო ჩემი მხრიდან, რომ მას გამოეჩინა უფრო მეტი გონიერება, რაზეც მეუბნება, რომ არაფერ შუაში არა ვარო. ალბათ, თქვენც დამემოწმებით, რომ არც ერთ ჟურნალისტთან კავშირი არ მაქვსო.

მე პირდაპირი რამდენიმე გადაცემა [პრესკონფერანცია] მქონდა, უბრალოდ, თქვენ არ გაწუხებთ. მე ვნახე ტარას შავშიშვილის გადაცემა [სიუჟეტი] და გამაოგნა ამ ადამიანის უცნაურმა წინაუკმობებმა, თითქოს პატრიარქს ქამარზე გასაღები აქვს, რომელიც რაღაც სეიფს აღებს, სადაც არის ანდერძი, ხოლო ამაზე მხოლოდ სოსოს მიუწვდებოდა ხელი და ა.შ. ზღაპრებშიც არ წამიკითხავს ასეთი რაღაცები. ანდერძთან დაკავშირებით იმდენად სასაცილო და მოგონილი თემაა… ღმერთმა კარგად ამყოფოს, გარდაცვალების შემთხვევაში, პატრიარქი ტოვებს ანდერძს, ხოლო ეს ანდერძი არის მისი ერთი ხმა, როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, რომელმაც ახალი პატრიარქის ასარჩევად უნდა მოიწვიოს კრება და მიწას მიაბაროს გარდაცვლილი – ეს არის სულ მისი ფუნქცია და მოვალეობა. ეს სოსო ოხანაშვილთან იყო თუ არა შეთანხმებული, ამას ვერ დაგიდასტურებთ. მე ვეჭვობ, რომ არ იყო.”

დიმიტრი შიოლაშვილის თქმით, დეკანოზ მამალაძესთან დღეს დაძაბული და მკაცრი საუბარიც ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, მსჯავრდებულ საეკლესიო პირს უსაყვედურა იმის გამო, რომ არ ჩააყენა საქმის კურსში მის ბიზნესებთან დაკავშირებით.

“მითხრა, არ ვიცოდი, თუ მღვდელს ეკრძალეობდაო. მე ჩემს სამღვდელოებას ყოველთვის ვეუბნები, რომ ბიბლია გვასწავლის, რომ მღვდელი უნდა ცხოვრობდეს საკურთხევლიდან. ასევე, ვუსაყვედურე და უფრო მეტიც, მქონდა ძალიან მკაცრი საუბარი შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებით. იცით, რომ ბატონი ოქროს მოწმე, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ შეკვეთილი წერილი იწერებოდა, მერე მამა გიორგი მე მირეკავდა და მამხნევებდა, რომ მეუფე დიმიტრიმ მადლობა გადაგიხადა ამ შეკვეთილ წერილზეო. ეს რომ მოვისმინე, ძალიან სულისშემძვრელი იყო ჩემთვის. მე მამა გიორგის ახლაც ვუთხარი ამის შესახებ. როდესაც მეუფე იაკობი გამოვიდა და ოხანაშვილსა და მამალაძეს დაადო ხელი შეკვეთილ წერილებზე, მაშინ ვუთხარი [დეკანოზ მამალაძეს], თქვენ ხომ არ ხართ ამ საქმეში გარეული… პირჯვრის წერით დაიფიცა, რომ არ ვარ კავშირში და ახლაც ამას მეუბნებოდა, არანაირი შეხება არ მქონდა ამ წერილებზეო,” – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა.

ბოლოს, დიმიტრი შიოლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს დეკანოზის ჯანმრთელობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია: “როგორც გვითხრა, მას აქვს გულის პრობლემები. დიაბეტი დამიდგინესო, გვითხრა. მე ვარ სრულად უდანაშაულო, მაგრამ არ ვითხოვ შუამდგომლობას და პატიობასო. უბრალოდ, გვთხოვა, მომეცით ზიარების საშუალებაო.”

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი მატროსოვის ციხეში შედის დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად. 25.10.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი


დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. დეკანოზი თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით).

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. პროკურატურის შუამდგომლობით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი