პაპავა: ლარის გაუფასურება ნაწილობრივ არჩევნებთანაა დაკავშირებული

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელთან შედარებით ეროვნულ ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა და დოლარის მიმართ 2.53 შეადგინა. ლარის დევალვაციის პროცესი  გუშინ დაიწყო.  ეკონომისტ გიორგი პაპავას განცხადებით,  კურსის  ცვლილება მოკლევადიანია და ის არჩევნებს უკავშირდება. ეკონომისტი განმარტავს, რომ არჩევნებამდე საზოგადოებაში მოლოდინი იყო, რომ ლარი სტაბილური იქნებოდა,  არჩევნების შემდეგ კი მათ დოლარის ყიდვა დაიწყეს, რამაც ლარზე დაწოლა განაპირობა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ მოკლევადიანი რყევების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რყევები მართლაც მოკლევადიანია და დევალვაცია ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის გამოწვეული?

დიახ, ფუნდამენტური ფაქტორები მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის. მოკლევადიანია თუ არა, ამაზე ცოტა რთულია კომენტარის გაკეთება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გუშინ, დღის ბოლოს უკვე დასტაბილურდა და გაუფასურება არ გააგრძელა, ეს, სავარაუდოდ, მეტყველებს იმაზე, რომ ერთჯერადი კორექცია განიცადა კურსმა. ეროვნულმა ბანკმაც აქედან გამომდინარე გააკეთა განცხადება, რადგან ის ვერ ხედავს გაუფასურების გრძელვადიან რისკს.

სების პოზიცია ცნობილია. თქვენც მიგაჩნიათ, რომ ეს მოკლევადიანი პროცესი იყო, მაგრამ წლის ბოლოს ლარი  გაუფასურების ტენდენციით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მთავრობის ნაბიჯები ვალუტის დევალვაციის პროცესში?

ლარის გაუფასურება ნაწილობრივ არჩევნებთან არის დაკავშირებული. ის მოლოდინი, რაც მოსახლეობაში და კერძო სექტორში არის, რომ არჩევნებამდე კურსი იქნება სტაბილური და არ არსებობს გაუფასურების რისკი, ამ მოლოდინის გამო მოსახლეობა დოლარის შესყიდვას თავს არიდებს. ბიზნესის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი. როგორც ჩანს, დაგროვილი მოთხოვნა დოლარზე არჩევნების შემდეგ რეალიზდა. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი დაწოლა ლარზე. ეს არის სავარაუდოდ გაუფასურების მიზეზი.  იგივე მოხდა შარშანაც არჩევნების შემდეგ, მაშინაც გაუფასურდა. მგონია, რომ გაუფასურება არჩევნებს უკავშირდება და არა იმას, რომ შემოდგომაა ან ახალი წელი ახლოვდება და ა.შ

ეროვნული ბანკის რეზერვები  3 მილიარდი დოლარია. თქვენი აზრით, რამდენად სწორია კურსის მერყეობის დროს სავალუტო რეზერვების ხარჯვა და ზოგადად ინტერვენცია?

ეს კურსი პირობითად რომ 2.55 იყოს, მერე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ არარაციონალური დაწოლა ხდება კურსზე და მოვთხოვოთ ეროვნულ ბანკს, ჩარევა განახორციელოს. მაგრამ როდესაც კურსი 2.48-დან 2.52-ზე ადის და ჩერდება თუნდაც ერთი დღე, ამ დროს ეროვნული ბანკის მხრიდან დოლარის გაყიდვა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან  არასწორ სიგნალს გააგზავნიდა ბაზარზე. გააჩენდა არასწორ მოლოდინს, რომ სები აპირებს დოლარის დახარჯვას კურსის შესანარჩუნებლად. ეს უფრო გაზრდიდა ზეწოლას ლარზე. მე ვთვლი, რომ ინტერვენცია გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ, რადგან დეკლარირებული გვაქვს, რომ თითქმის სრულად მცურავი სავალუტო კურსი გვაქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ჩარევები არ უნდა განხორციელდეს. ჩარევა უფრო მნიშვნელოვანია ისეთ  დროს, როდესაც, მაგალითად, ორკვირიანი გაუფასურებაა და დევალვაცია მნიშვნელოვან რისკებს ქმნის, რომ შეიძლება კურსი ძალიან გაიქცეს. მაშინ ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს.

რეზერვების საკითხი რომ ამოვწუროთ.. რამდენად სწორად შეარჩია ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსების პერიოდი და ამან ხომ არ იქონია გავლენა ეროვნული ვალუტის კურსზე?

ეროვნულ ბანკს რეალურად აგვისტოს შემდეგ ინტერვენცია არც განუხორციელებია. ლაპარაკი იმაზე, რომ ბევრი დაიგროვა, სწორი არ არის. ბევრი რეზერვი ძალიან კარგია.

რეზერვები რომ კარგია, ეგ გასაგებია. მე გკითხეთ, რამდენად სწორად შეარჩია სებმა რეზერვების შევსების პერიოდი.

შევსება ბაზრიდან თანხის ამოღებით არ მომხდარა. სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ მოუხდენია. თუ რაღაც რესურსის მოზიდვა მოხდა ქვეყანაში მთავრობის ან ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელიც ბანკის რეზერვებშია განთავსებული, ეს ნორმალური პროცესია. შესაძლოა  მთავრობამ აიღო უცხოური ვალი, შემდეგ ეს გადაიყვანა ლაში, ხარჯვა ხდება ლარში,  მაგრამ ფულის მასის განთავსება ეროვნულ ბანკში მოხდა, რომელმაც მისი კონვერტაცია განახორციელა. აქ რამე საგანგაშოს ვერ ვხედავ.

ბოლო რვა თვის განმავლობაში საგარეო სექტორი მკვეთრად გაუმჯობესდა, გაიზარდა ექსპორტი, ტურიზმის შემოსავლები და გზავნილები. ამის მიუხედავად, ლარის გამყარების ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა. რატომ არ აისახა ეს ეროვნულ ვალუტაზე?

მე არ ვთვლი, რომ ეკონომიკაში რაღაც სასწაული გაუმჯობესება გვქონდა. პროგნოზებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები იყო.  ის, რომ კარგი მაჩვენებლები გვქონდა, ამან განაპირობა, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 2.4-ზე  ჩამოვიდა კურსი და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე იყო.  დღევანდელი მაჩვენებლები პროგნოზირებულზე უკეთესი არ არის და, შესაბამისად, ლარი უფასურდება. აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ექსპორტი და ტურიზმი იზრდება, აქ მნიშვნელოვანია, რამდენად იზრდება და რამდენად იზრდება მოლოდინთან შედარებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.