ახალი ამბები

17 მაისის მოვლენებზე პარლამენტმა დასკვნა მოამზადა

17 ივნისი, 2013 • • 1101
17 მაისის მოვლენებზე პარლამენტმა დასკვნა მოამზადა

დღეს, 17 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე კომიტეტმა დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე 12 000 ათასი ხელმოწერით შესული განცხადების საფუძველზე მოამზადა:

 

“მოქალაქეები ითხოვენ, რომ პარლამენტმა 17 მაისს განვითარებული მოვლენები შეაფასოს. ჩვენ შევიმუშავეთ ამ მოვლენებზე დასკვნის პროექტი, სადაც მივუთითეთ ყველა მთავარი ასპექტი, რაც მოხდა და შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა. დასკვნის ძირითად ნაწილში გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან დაცვაზეა საუბარი. ჩვენ ასევე მივუთითეთ რეაგირების ის ფორმები, რაც ამ ფაქტებს მოჰყვა”, – განაცხადა ბესელიამ.

 

კომიტეტის სხდომას 17 მაისის კონტრაქციის მონაწილე გიორგი გაბედავაც ესწრება. როგორც სხდომაზე გაბედავამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა განაცხადეს, წარმოდგენილ ხელმოწერებში საკუთარი გვარ-სახელებიც ამოიკითხეს:

 

“ამ პეტიციაში ჩემი სახელი, გვარი და რეგალიაც არის. მე კი პეტიციაზე ხელი არ მომიწერია,” – აღნიშნა გაბედავამ, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ კომიტეტს ამ ინფორმაციის გადამოწმება სთხოვა.

 

სხდომის მიმდინარეობისას ბესელიამ გაბედავას შენიშვნაც მისცა. კერძოდ,  ბესელიას შენიშვნა გაბედავას მიერ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების შემდეგ კომენტარების მიკროფონის გარეშე დაფიქსირებამ გამოიწვია. 

 

“ეს არის კომიტეტის სხდომა, ეს არ არის მიტინგი”, – მიმართა ბესელიამ.

 

რაც შეეხება თავად 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტს, მასში შესაძლოა მცირე შესწორებები შევიდეს. როგორც ბესელიამ განაცხადა, “დასკვნაში ჩაიწერება, რომ 17 მაისის წინა დღე ქვეყანაში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.”

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი