ახალი ამბები

ხუხაშვილი: ყოფილი ხელისუფლება არაფორმალურ ტერორს უწყობდა ხელს

17 ივნისი, 2013 • • 934
ხუხაშვილი: ყოფილი ხელისუფლება არაფორმალურ ტერორს უწყობდა ხელს

პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა ამ საკითხზე კომენტარი მედიასთან “რედისონში”  “საქართველოს რკინიგზის” სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა:

 

“ადრეც ნავარაუდევი იყო, რომ ასეთი ტიპის საწყობები არსებობდა და არა მხოლოდ სამეგრელოში. ყოფილი ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფორმალურ ტერორს უწყობდა ხელს, მათ შორის, პოლიტიკურ დევნას და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი კანონის მიღმა იყო. იარაღის სამარხი ზუსტად ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში არ მოქმედებდა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი ტიპის ქმედებისთვის მზად იყო. სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ ასეთი ტიპის იარაღის სამალავები კიდევ იქნას აღმოჩენილი”.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში სპეციალური სამალავებია აღმოჩენილი, სადაც, ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივია ნაპოვნი. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა 17 ივნისს ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. 

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელზეც, მათივე მტკიცებით, ყოფილი ხელისუფლების მიერ მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალებია აღბეჭდილი, ჩანს საქაღალდე, რომელსაც აწერია “დასაჭერები”, რომლის გვერდით გადაღებულია ხელნაწერი ფურცელი წარწერით “მოსწავლე მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი”.  

 

სამართალდამცავი უწყების ცნობით, სამალავში აღმოჩენილია ხელნაწერი მასალებიც, რომელიც, მათივე მტკიცებით, შესაძლებელს გახდის დამნაშავე პირთა სწრაფ იდენტიფიცირებას.

 

“ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის”, –აცხადებს შსს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აღბეჭდილია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკები, ასაფაეთქებელი ნივთიერებები და ვიდეოფირები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მასალების სამალავი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უშუალო ზედამხედველობითაა შექმნილი და ის გათავლისწინებული იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიურ ოპონენტებზე შურის საძიებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი