ახალი ამბები

პენსიის ასაკობრივ გათანაბრებას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

25 ოქტომბერი, 2017 • 3692
პენსიის ასაკობრივ გათანაბრებას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ახალი საქართველოს ინიციატივას ქალისა და კაცისთვის პენსიის ასაკობრივი გათანაბრების შესახებ.

სხდომა დღეს, 25 ოქტომბერს, გაიმართა. კომიტეტის კენჭისყრაში მონაწილეობა 7-მა წევრმა მიიღო, ამათგან არც ერთმა არ დაუჭირა მხარი ინიციატივას.

ახალი საქართველოს საკანონმდებლო ინიციატივით, დისკრიმინაციულია პენსიის შესახებ კანონის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კაცებს 65 წლის ასაკში, ხოლო ქალებს 60 წლის ასაკში წარმოეშობათ პენსიის დანიშვნის უფლება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიზანია სქესობრივი და ასაკობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის უზრუნველყოფა.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ევროუპლი საქართველოდან გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ პენსიის შესახებ კანონში საპენსიო ასაკად აღნიშნულია 65 წელი. წერეთლის თქმით, საპენსიო ასაკის დაწევა 60 წლამდე ქვეყნის ბიუჯეტს არ შეუძლია.

კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არც ერთი ქვეყანა არ წასულა საპენსიო ასაკის შემცირებაზე, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება და ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთვის.

აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრებას მხარს უჭერენ, თუმცა არა ახლა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდი მუშაობა სჭირდება.

კანონპროექტის ინიციატორმა, პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ რადგანაც 60 წლიდან არის ქალებისთვის პენსია და სოციალური ფონი რთულია, ამიტომ 60 წლიდან უნდა ენიშნებოდეთ ადამიანებს პენსია.

მისი თქმით, დასავლურ ქვეყნებში ერთი და იგივე საპენსიო ასაკია, თუმცა განსხვავება მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია.

“უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილები სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში, პენსიას სოციალური დახმარების სახე აქვს. 60-65 წლამდე [ასაკში] ძალიან რთულია სამუშაო იშოვო”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მიღება 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 250 მილიონი ლარით გაზრდას გამოიწვევს.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის მეხუთე მუხლში და ის 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი