ახალი ამბები

განძის მაძიებლები აჭარიდან

17 ივნისი, 2013 • 3164
განძის მაძიებლები აჭარიდან

ძველი საჯინიბო და სასტუმრო
ძველი საჯინიბო და სასტუმრო

ინფორმაციამ არა მარტო მოგვარეებში გამოიწვია დაძაბულობა, ამ ამბავმა პოლიცია და უშიშროების სამსახურებიც კი დააინტერესა.

 

ლეილა ც. და მისი ძმა სერგო იმ ძველი შენობის ისტორიას გვიყვებიან, სადაც უცხოელის ინფორმაციით მისი წინაპრის განძია დაფლული.

 

“რუკა ჰქონდა მოტანილი და იმ რუკის მიხედვით, განძი იმ შენობაში უნდა ყოფილიყო, სადაც საუკუნის წინ ბაბუაჩემს ცხენების სადგომი ჰქონდა აგებული. თურქეთიდან ხშირად მოდიოდნენ ვაჭრები, ზოგს სპილენძი შემოჰქონდა, ზოგიც ოქროთი ვაჭრობდა. ამ საჯინიბოში ცხენებს ასვენებდნენ და თვითონაც შეეძლოთ ჩაი დაელიათ და დაესვენათ”, – გვითხრა ლეილამ.

 

იგი ამბობს, რომ მისი მამა ისტორიკოსი იყო და მისგანაც სმენია უცხოელ მოვაჭრეებზე:

 

“ეს ადგილი, სადაც ახლა ჩვენი სახლი დგას, სოფლის ცენტრი იყო. ჩვენი დიდი ბაბუები მენავეები იყვნენ. საზღვარი ღია იყო და როცა მოვაჭრეები გამოდიოდნენ თურქეთიდან, იმ შენობაში ცხენებს ასვენებდნენ, მეორე სართულზე კი სასტუმრო ოთახები იყო”.

 

სოფელში გამოჩენილ, ბერძნული წარმოშობის უცხოელს, თან საქართველოს მოქალაქეები ახლდნენ: “ორი ბიჭი ახლდა, ქობულეთელები იყვნენ” – ამბობს სერგო ც. მისი თქმით, განძის ისტორიამ მათ გვარში დაძაბულობა შეიტანა, რადგან განძზე პრეტენზია ყველა ნათესავმა განაცხადა და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი განძის დანაწილება დაიწყეს:


“პოლიცია გამოვიძახეთ, რადგან მართლა რამე რომ აღმოჩენილიყო, ყველა იტყოდა ჩემიაო და შეიძლება რაიმე ცუდი მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია, სადაც საჯინიბო დგას, ბაბუაჩემის საკუთრებაა და რეესტრის მიხედვითაც ჩვენი ოჯახის სახელზეა გაფორმებული”.


ზია ც. თითქმის ოთხმოცი წლისაა, თავისი ბაბუას ისტორია მასაც ახსოვს. ამბობს, რომ უცხოელის ბაბუა და მათი ბაბუა მართლაც იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან ის კაცი ოქროთი მოვაჭრე ყოფილა და ტვირთი ცხენების მეშვეობით გადაჰქონდა:


“რომ ყოფილიყო აქ ოქრო, იმ უცხოელს მაინც არავინ გაატანდა. ალბათ, სახელმწიფო წაიღებდა, ჩვენ კი წილს მოგვცემდა”. 


საჯინიბოში ოქრო არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ დარჩა ორი მეტრი სიღრმის ორმო, რომელსაც მთელი სოფელი თითქმის ორი დღე თხრიდა. იმედგაცრუებული განძის მაძიებლები ახლა რუკისა და ამბის რეალურობაზე მსჯელობენ.


“არ გამოვრიცხავ, რომ ვინმეს ამ მიწების ინტერესი ჰქონდეს და განძის ამბავიც ამიტომ მოიგონა. ჩვენ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს ამირან კახიძესაც მივმართეთ, თუმცა ის ინფორმაციით არ დაინტერესდა. გვითხრა ცრუ ინფორმაცია იქნება, მასე ბევრმა დამირეკა, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდაო”. 


ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა. იმ დღის შემდეგ აღარც უცხოელი გამოჩენილა: “არ ვიცით დაბრუნდება თუ არა, შეიძლება რაიმეს დასაზუსტებლად წავიდა. ვერ გეტყვით”, – გვითხრეს სოფელში.


ინფორმაციის დასაზუსტებლად “ბათუმელები” სოფლის რწმუნებულსაც დაუკავშირდა. რწმუნებული ამბობს, რომ განძის ძიების პროცესს თვითონ არ დასწრებია, თუმცა ამ ამბის თაობაზე ინფორმირებულია: “არ ვიცი რატომ შეაჩერეს ძიების პროცესი, მე მგონი სპეციალური ხელსაწყოს მოსატანად არიან წასული და შემდეგ განაახლებენ თხრას”. 


პოლიციის რწმუნებული უშანგი აბულაძე ამბობს, რომ განძის მოძიების პროცესის დროს ისიც სოფელში იმყოფებოდა: “ჩვენ იმიტომ ვიყავით ასული, რომ ერთმა მხარემ მოგვმართა. ახლა შეჩერებულია ძებნის პროცესი, თუ გაგრძელდება და მეპატრონე მოგვმართავს, ავალთ”. 


პოლიციელი ამბობს, რომ უცხოელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: “არ ვიცი ვინ არის, თურქეთის მოქალაქეა ვიღაც, ნათელმხილველია თითქოს, ასე ამბობენ”. 


ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, ამირან კახიძე ამბობს, რომ ოქროსა თუ სხვა განძის არსებობის შესახებ ლეგენდები თითქმის ყველა სოფელზე არსებობს, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების ზარებზე მათი მხრიდან რეაგირება არ ხდება. 


რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, საიას იურისტის მაია ქათამაძის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩენილ ნივთს არ აქვს ისტორიული ღირებულება, ნივთი გადადის აღმომჩენი პირის საკუთრებაში. სახელმწიფოს დაინტერესების შემთხვევაში კი, მესაკუთრემ უნდა მიიღოს კომპენსაცია:


“იმ შემთხვევაში, თუკი აღმომჩენი და მიწის მესაკუთრე სხვადასხვა პირები არიან, ნივთის ღირებულება ორად გაიყოფა. დავის წარმოშობის შემთხვევაში კი საქმე გადაეცემა სასამართლოს”.


განძის მაძიებელთა მიერ ამოთხრილი ორმო ძველ საჯინიბოში
განძის მაძიებელთა მიერ ამოთხრილი ორმო ძველ საჯინიბოში

მასალების გადაბეჭდვის წესი