ახალი ამბები

GPB ხაინდრავას კომპანიას სერიალის გადაღებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე გადაუხდის

27 ოქტომბერი, 2017 • 16545
GPB ხაინდრავას  კომპანიას სერიალის გადაღებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე გადაუხდის

საზოგადოებრივი მაუწყებლის ნახევარ მილიონამდე [484 000 ლარი] ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო გიორგი ხაინდარავას კომპანიამ, რომელიც დეტექტიური ჟანრის სერიალს გადაიღებს. მაუწყებელი ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2017-18 წლის სახსრებიდან გადაიხდის.

ტენდერის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. გამარჯვებული კომპანია  შპს “ლე ხაინდრაო პროდაქშენია”, რომლის დირექტორი და მფლობელიც რეჟისორი გიორგი ხაინდარავაა.  ხაინდრავამ  ასევე გადაიღო  მიხეილ სააკაშვილის შესახებ ფილმი “ჰეროკრატია”  ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის, GDS-ის დაკვეთით.

მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება  531 848 ლარი იყო. ხაინდარავას კომპანიამ 484 000  ლარი დააფიქსირა და მოიგო.   ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიის, “კავკასიის კინო სერვისის” შთავაზება 531 848 ლარი იყო.

სატენდერო პრობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ თორმეტი სერიის სცენარის მიხედვით “უნდა უზრუნველყოს მხატვრული სერიალის წარმოება და ტექნიკური უზრუნველყოფა ტექნიკური დავალების გათვალისწინებით”.

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“- ამ სახელწოდების დეტექტიური სერიალის სცენარი უკვე მზად აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. სცენარები თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას.  სერიალი 12 ეპიზოდისგან შედგება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატენდერო კომისიის აპარატში  “ნეტგაზეთს” აგვისტოში უთხრეს, რომ  სცენარებზე ტენდერი არ გამოცხადებულა და ის თავად მაუწყებელში მომზადდა. მაშინ სცენარის ხარჯები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციამ არ გაგვიმხილა. გვითხრეს, რომ ეს საჯარო ინფორმაციაა, რომელიც წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

გიორგი ხაინდრავა  ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის  იმ კომპანიის დორექტორიცაა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი