ახალი ამბები

ხმაური და დაპირისპირება მთაწმინდის საარჩევნო ოლქში

25 ოქტომბერი, 2017 • 1936
ხმაური და დაპირისპირება მთაწმინდის საარჩევნო ოლქში

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ განუხილველი დატოვა ბლოკის “დიმიტრი ლორთქოფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული საქართველოს” საჩივარი მე-13 უბნის ხმების გადათვლაზე იმ მოტივით, რომ პარტიის წარმომადგენელს უბანზე დაუყოვნებლივ უნდა დაეწერა საჩივარი.

მე-13 უბანზე ამ პარტიის წარმომადგებელი ვერონიკა ხელაშვილი, რომელიც ასევე მივიდა საოლქოში, ამბობს, რომ თავადაც მისცა ხმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს და ხმების დათვლის შედეგად გამოცხადდა, რომ ამ უბანზე, ჯამში, 15 ხმა მიიღო, რაც საბოლოო ოქმში ასახული არ არის. ამიტომ პარტია ხმების გადათვლას ითხოვს.

“რჩება განუხილველი გამომდინარე იქიდან, რომ თუ იყო რაიმე სახის დარღვევა, დაუყოვნებლივ უნდა დაწერილიყო საჩივარი საარჩევნო უბანზე,”- განაცხადა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ზირაქაშვილმა და დასძინა, რომ ასეთია კანონის მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის მიხედვით.

კომისია საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლით ხელმძღვანელობს, თუმცა ამავე მუხლით ხელმძღვანელობს კახა კუკავა, რომელიც ამბობს, რომ 2 დღის ვადაში შეეძლოთ ოლქში საჩივრის შეტანა. ამ საკითხს სიტყვიერი დაპირისპირება, ოლქის სხდომის ჩაშლა და პატრულის გამოძახება მოჰყვა.

საოლქო კომისიაში საჩივრის განხილვის დროს პატრულის გამოძახება გახდა აუცილებელი

პარტია საარჩევნო კომისიას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს.

“ხმების დათვლის დროს კომისიის თავმჯდომარემ ზეპირად გამოაცხადა 15 ხმა და ოქმში წერია – 0. თუ რაიმე შეცდომა არის, სწორედ ამისთვის არსებობს გადათვლა. კომისიისგან ვითხოვთ გადათვლას იმ უბნებზე, რომელიც მოთხოვნილია, მათ შორის, მთაწმინდის მე-13 უბანზე,”-განაცხადა კუკავამ.

ამ დროისთვის საოლქო კომისიის სხდომა ჩაშლილია და პატრული მხარეებს ესაუბრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი