ახალი ამბები

ელისაშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე სარჩელით მიმართავს

24 ოქტომბერი, 2017 • 1845
ელისაშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე სარჩელით მიმართავს

ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარსადგენად რამდენიმე სარჩელს ამზადებენ. ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სარჩელების შეტანა არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატების დაფინანსების წესსა და კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის ნების შესაძლო კონტროლის პრაქტიკას ეხება.

“რამდენიმე სარჩელის შეტანას ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ცესკო ნორმად აღიარებს იმას, რაც ხდებოდა საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ. ეს პრაქტიკა შესაცვლელია და ჩემი აზრით, არის უბრალოდ ლეგალიზებული ძალადობა. ასევე, დამოუკიდებელ კანდიდატებთან მიმართებაში წინა ხელისუფლებამ შექმნა ძალიან დისკრიმინაციული სამართლებრივი სივრცე და ახალმა ხელისუფლებამ დატოვა. ეს აუცილებლად შესაცვლელია, ვინაიდან სხვებზე გაცილებით კარგი შედეგი მივიღეთ, თუმცა ეს არაფერ სხვაში არ ითარგმნება. ეს, რა თქმა უნდა, არის დისკრიმინაცია. ჩვენი იურისტები მუშაობენ და რამდენიმე სარჩელს სასამართლოში შევიტანთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მან ხმების 17.48% მიიღო და მმართველი პარტიის კანდიდატის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი