ახალი ამბები

უზნაძის ქუჩაზე არქეოლოგიის კვლევის ცენტრის შენობა იყიდება

24 ოქტომბერი, 2017 • 3874
უზნაძის ქუჩაზე არქეოლოგიის კვლევის ცენტრის შენობა იყიდება

ქონების ეროვნული სააგენტო დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე  ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის კვლევის ცენტრს ყიდის.

ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შენობის ფართი სულ 3143 მ2-ია, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართი – 2796 მ2.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. საწყისი ფასი 1 700 000 ლარია. აუქციონი 30 ოქტომბერს დასრულდება.

აუქციონის პირობაში ჩადებულია, რომ გადახდილი თანხის გარდა, აუქციონის დასრულებიდან ორი თვის ვადაში ეროვნული მუზეუმის სასარგებლოდ მყიდველმა უნდა გადაიხადოს 900 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

აუქციონის კიდევ ერთი პირობის თანახმად, მყიდველმა უნდა განახორციელოს 6 500 000 დოლარის ინვესტიცია, 4 წლის ვადაში უნდა მოაწყოს სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო, სულ მცირე 25 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი, მოაწყოს გარე განათება და გამწვანება.

რაც შეეხება არქეოლოგიის კვლევის ცენტრს, ეროვნული მუზეუმიდან გვაცნობეს, რომ  იქიდან გამომდინარე, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ცენტრის მასალები და თანამშრომლები მუზეუმის სხვადასხვა საცავსა და მუზეუმში არიან  გადანაწილებული.

არქოლოგიის ცენტრი ელოდება, რომ შენობის გასხვისების შემდეგ შესაბამისად აღჭურვილი ახალი შენობა ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი