ახალი ამბებისამართალი

თიანეთში 5 ბათილი ბიულეტენი მკვდრეთით აღადგინეს – საია თამაზ მეჭიაურს იცავს

24 ოქტომბერი, 2017 • 3889
თიანეთში 5 ბათილი ბიულეტენი მკვდრეთით აღადგინეს – საია თამაზ მეჭიაურს იცავს

დღეს, 24 ოქტომბერს, საიას ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა და თამაზ მეჭიაურმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თიანეთის საარჩევნო ოლქში შესაძლო დარღვევები გააცნეს მედიას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, თიანეთში კანონის დარღვევით 5 ბათილი ბიულეტენი მკვდრეთით აღადგინეს, რის ხარჯზეც სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

საია სასამართოში თამაზ მეჭიაურის ინტერესებს წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, 2017 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში შეიცვალა ჩარევის შედეგად, რასაც ფაქტები ადასტურებს. ამ დროისთვის თამაზ მეჭიაური საიას იურისტებთან ერთად მცხეთის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. მასთან ერთად არიან მხარდამჭერებიც. სასამართლოსთან ასევე იმყოფებიან, სახელისუფლებო კანდიდატის მომხრეებიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს და იკვეთება ქმედებები, რომლებიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართის დანაშაულს:

“ამიტომ დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე მივმართავთ, პროკურატურას, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტებით იმიტომ, რომ შესაძლოა აქ იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი, რაც მოითხოვს შესაბამის რეაგირებას.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თამაზ მეჭიაურის ინტერესებს წარმოადგენს დავაში, რომელიც დღეს ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წამოიწყო, სადაც თიანეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი მესამე პირად არის ჩართული. საია ამ დავების გაერთიანებას ითხოვს, ვინაიდან, როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, მხოლოდ მესამე პირად თამაზ მეჭიაურის ჩართვა არ არის საკმარისი. მისი თქმით, ეს დავაც არსებითად ეხება მის ინტერესებს, რის გამოც უნდა მოხდეს ამ საჩივრების გაერთიანება.

რა მოხდა თიანეთის ოლქში და რატომ ბადებს ეს ყველაფერი სერიოზულ ეჭვებს?

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაითვალა თითოეულ უბანზე შედეგები, უპირატესობა დაფიქსირდა თამაზ მეჭიაურის სასარგებლოდ. მისი თქმით, ერთ-ერთ უბანზე შეჯამდა პროცესი და ერთხმად მიიჩნიეს, რომ 24 ბათილი ბიულეტენი იყო: “ამასთან დაკავშირებით არც ერთ კომისიის წევრს, არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არც ერთი სუბიექტის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია არც წერილობითი და არც ზეპირი პრეტენზია, რომ იქ რაიმე არასწორად მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ გამართულა რაიმე ტიპის მსჯელობა და პრეტენზია არავის არ დაუფიქსირებია. ერთხმად იქნა მიჩნეული, რომ ეს 24 ბიულეტენი ნამდვილად იყო ბათილი. შესაბამისად, არ უნდა მიეთვალათ ის საერთო შედეგებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს შედეგები უბნიდან ოლქში გადავიდა, იქ აღმოჩნდა, რომ ამ 24-დან 5 ბიულეტენი ნამდვილად მიიჩნიეს და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი და ბატონ მეჭიაურზე მეტი ხმა უკვე მის კონკურენტს გაუჩნდა.”

  • საიას ხელმძღვანელის თქმით, აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება:

მისი თქმით, პირველი არის ის, რომ ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა საარჩევნო უბნის დონეზე 5 ბათილად მიჩნიეული ბიულეტენის უცებ ნამდვილად ცნობა. საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა გახსნა ბიულეტენების, გადათვლა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევა, ანა ნაცვილიშვილის განცხადებით, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებელი, თუმცა მაინც დაკმაყოფილდა.

“ასევე, სრულად წესისა, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებით დარღვევით წარიმართა ოლქში განხილვა და სწორედ ამ განხილვის საფუძველზე შეიცვალა შედეგები. სრულიად გაუგონარი და მიუღებელი ფაქტია, რომ ოლქმა სხდომა ჩაატარა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ თავად საოლქო კომისიის წევრს, არ უშვებდნენ სუბიექტის წარმომადგენელს, რომელსაც არსებითად ეხებოდა შედეგები, არ მომხდარა კომისიის წევრების დაბარება. ანუ პროცესი, როგორ უნდა ჩატარდეს და მოხდეს განხილვა, არ ჩატარებულა; ყველა წესის და სტანდარტის დარღვევით, დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბათილი ბიულეტენების მკვდრეთით აღდგენა და სწორედ ამას ვასაჩივრებთ ჩვენ სასამართლოში,” – ამბობს იურისტი.

ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორ დაკმაყოფილდა საჩივარი და როგორ წარიმართა განხილვა, სრულ წინააღმდეგობაში მოდის პრაქტიკასთან, რომელსაც აქამდე სადამკვირვებლო ორგანიზაციები აფიქსირებდნენ, კერძოდ:

“თუ დარღვევა მოხდა უბანზე, თუმცა უბანზეც არ დაიწერა საჩივარი და პირდაპირვე ოლქში დაიწერა, ის რჩება განუხილველი. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც წლებია ვაფიქსირებთ. მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში ამ პრაქტიკის საწინააღმდეგოდ,არ დაწერილა საჩივარი უბანზე, პირდაპირვე ოლქში დაიწერა, უსწრაფესად დაკმაყოფილდა ეს საჩივარი და სწორედ მის საფუძველზე მოხდა გახსნა/გადათვლა. ასევე ვიტყვი, რომ პრაქტიკას ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ მოხდა გადათვლა ბიულეტენების არაერთ უბანზე, როგორც წელს, ასევე გასული არჩევნების დროს. საიას მიერ წარდგენილი იყო გაცილებით უფრო დასაბუთებული, კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დამყარებული საჩივრები, რომლებიც ადასტურებდა, რომ აუცილებელი იყო გახსნა და გადათვლა ბიულეტენების, მაგრამ არასდროს მსგავსი საჩივრები არ კმაყოფილდებოდა. ახლა ჩვენ გვაქვს ამ პრაქტიკისგან სრულიად ამოვარდნილი შემთხვევა, რომელიც ჩვენი საჩოვრებისგან განსხვავებით სრულიად დაუსაბუთებელია და მხოლოდ თეორიულ მსჯელობას ემყარებოდა. ოლქმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაეთვალა ბიულეტენები, რის შედეგადაც უბნის დონეზე საყოველთაო თანხმობით ბათილად მიჩნეული 5 ბიულეტენი გაცოცხლდა, ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან შეცვალა არჩევნების ბედი.”

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ ეს გარემოებები აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ იყო ჩარევა და მიზანმიმართული მოქმედება, რომ შეცვილიყო არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში. მისი თქმით, ამის დაკანონება და სწორად მიჩნევა იქნება საქართველოს კანონმდებლობის ძალიან უხეში დარღვევა.

“ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მას შემდეგ, რაც ამაზე მოხდება მსჯელობა და გვაქვს იმედი, რომ სასამართლო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებელია, ასევე, შეისწავლონ – რატომ და კონკრეტულად ვის მიერ განხორციელდა ეს ქმდებები, რომელიც კანონმდებლობას არღვევს, და ხომ არ იყო აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები; ასევე შესასწავლია, როდესაც პოლიციამ კორდონი შემოარტყა საოლქო კომისიას და არ უშვებდა იქ სუბიექტების წარმომადგენლებს, კომისიის წევრს და ა.შ. ვისი მითითებით ხელმძღვანელობდა პოლიცია და რატომ მოქმედებდა ასე, იმიტომ, რომ სწორედ მათი ჩარევით მოხდა ოლქში სრულიად გაუმჭვირვალე და უკანონო პროცესის წარმართვა, რამაც შეცვალა არჩევნების ბედი თიანეთში,” – აცხადებს ანა ნაცვილშვილი.

ICDI-ის დავის შესახებ

ანა ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო ორგანიზაცია “დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” (ICDI) მიერ დაწერილ საჩივარზე, რომელიც თიანეთის ოლქში ყველა უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს. საია მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელი და არასწორია.

“სანამ ჩვენ დავიწყეთ სარჩელის მომზადება, შევიტყვეთ იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარდგენილი აქვს სარჩელი და მოითხოვს, საერთოდ ამ უბნის შედეგების ბათილობას. ჩვენ ამ დავაში ბატონ თამაზს, რომელიც მესამე მხარედ არის ჩართული, ასევე, დღეს წარმოვადგენთ. თუმცა, კიდვ ერთხელ მინდა ვისაუბრო კონკრეტულად,ამ საჩივარზე და მოთხოვნაზე, რომელიც დაყენებული აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაცია “დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს”, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით და ალბათ საზოგადოებისთვისაც მაინცდამაინც ცნობილი არ არის, როგორც არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათი მოთხოვნა ასევე არის საკმაოდ საეჭვო. ისინი წარმოდგენილი იყვნენ უბანზე, მაგრამ უბანზე ყოფნისას მათ დამკვირვებელს არანაირი პრეტენზია დაუფიქსირებიათ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩავრთულიყავით დავაში, გავიგეთ, რომ ეს ორგნიზაციაც იწყებს დავას და აყენებს სრულაიდ არასწორ, დაუსაბუთებელ მოთხოვნას, რომ ყველა უბნის შედეგები გამოცხადდეს ბათილად,” – აცხადებს საიას ხელმძღვანელი.

რატომ არის არასწორი ICDI-ის მოთხოვნა?

ნაცვლიშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ICDI-ის მოთხოვნას საფუძველი აქვს ძალიან სუსტი: “საუბარია, რომ გამგებელმა რამდენიმე წუთით შეიარა უბანზე და ეს უნდა გახდეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კენჭისყრის ბათილობის საფუძველი. პირველ რიგში, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, გამგებლის უბანზე ყოფნისთვის დაიწერა საჩივარი და მას დაატოვებინეს უბნის ტერიტორია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამგებლის უბანზე ფრაგმენტულად ყოფნა მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. მეორე მხრივ, თუ მხოლოდ ამის საფუძველზე არის მოთხოვნილი უბნის ბათილობა, მაშინ უნდა შემოწმდეს, თიანეთში, ყველა სხვა უბანზე ხომ არ ყოფილა ეს ან სხვა პირი, რასაც ასევე შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნებზე.”

საია მიიჩნევს, რომ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან წარდგენილი საჩივარიც საეჭვოდ გამოიყურება, თუმცა იმედოვნებს, რომ სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე წმინდა სამართლებრივი კუთხით და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

“ეს არის ის სამართლებრივი საკითხები, რაზეც ჩვენ გვინდოდა მსჯელობა. დღეს სულ მალე მივმართავთ სასამართლოს სარჩელით და იმედი მაქვს, რომ ის უმსგავსობა, რასაც ადგილი ჰქონდა თიანეთის საოლქო კომისიაში, არ იქნება დაკანონებული, ვინაიდან ის უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და სტანდარტებს.”

ანა ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა ჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ავტომობილზე თავდასხმისა და დაწვის საქმეზეც, რომლებიც აკვირდებოდნენ თიანეთში საარჩევნო პროცესს. გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საიას თავმდჯომარის თქმით, ისინი ამ გამოძიებას ძალიან ყურადღებით მიადევნებენ თვალს. როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, მნიშნელოვანია, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, დანაშაულის მოტივი გაირკვეს და სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს ეს ყველაფერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი