“აღსარება”- ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი, რომლისთვისაც საქართველომ 1 300 000 ლარი დახარჯა

“აღსარება” რეჟისორის ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმია, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში დღეს, 24 ოქტომბერს გამოდის. ფილმი საქართველოსა და ესტონეთის კოპროდუქციაა.

როგორც რეჟისორმა დღეს, 24 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფილმის გადაღება იმ თანხით გახდა შესაძლებელი, რაც  მისი წინა ფილმის,  “მანდარინების”  ოსკარზე და ოქროს გლობუსზე მიღებული ნომინაციის გამო, საქართველოს სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღო. მოგვიანებით რეჟისორთან დავაზუსტეთ, კონკრეტულად რომელმა უწყებამ გამოუყო თანხა. ურუშაძის თქმით, კულტურის სამინისტრომ განახორციელა პროექტის მხარდაჭერა და პროექტის დიდი ნაწილი (70%) დააფინანსა, ხოლო დანარჩენი  თანხა ესტონურმა მხარემ გაიღო. ზაზა ურუშაძის ცნობით, ფილმის შექმნისთვის საქართველომ 1 300 000 ლარი, ხოლო ესტონეთმა 150 000 ევრო დახარჯა.

ზაზა ურუშაძე  მაყურებლებლების დიდმა ნაწილმა  გაიცნო ფილმით “მანდარინები”.  ეს სურათი  2013 წელს ოსაკრის დაჯილდოვების ცერემონიაზე  საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ხუთ ნომინანტს შორის მოხვდა.  “მანდარინები” აფხაზეთის ომის შესახებაა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფილმის სიუჟეტის შესახებ ბევრი არ უსაუბრია, ზაზა ურუშაძემ გვითხრა, რომ მისი ახალი ფილმი”ადამიანის აღსარებაა”.

სიუჟეტის თანახმად, მღვდელი გიორგი, რომელიც მანამდე რეჟისორი იყო, პატარა სოფელში მიემგზავრება და იქ იწყებს მსახურებას. იმისთვის, რომ ადამიანებმა ეკლესიაში სიარული დაიწყონ, გიორგი კინოთეატრს მოაწყობს და ფილმების ჩვენებას იწყებს. პირველი ფილმის “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” ჩვენების შემდეგ მაყურებლები ამბობენ, რომ ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელს, მერლინ მონროს, მუსიკის ადგილობრივი მასწავლებელი ლილი ძალიან ჰგავს. მას შემდეგ, რაც მღვდელი ლილის შეხვდება, მის წინაშე არაერთი გამოწვევა ჩნდება:

“უფრო ადამიანურ სისუსტეებზეა. ეს არის მღვდელზე, რომელსაც გადაანაწილებენ მიყრუებულ სოფელში, მას მიჰყვება მორჩილი, სადაც ერთგვარი გამოცდა ელის, ცოტა ტრაფარეტულად ასეა. ფილმი არის ადამიანურ სისუსტეებზე. არ აქვს მნიშვნელობა, მღვდელია თუ სხვა. ეს არ არის რელიგიაზე, ეკლესიაზე, უბრალოდ, პერსონაჟი არის მღვდელი”,- ამბობს ზაზა ურუშაძე.

ფილმში მთავარ როლებს დიმიტრი ტატიშვილი და სოფია სებისკვერაძე თამაშობენ. რეჟისორი ამბობს, რომ არჩევანი “სერიოზული კასტინგის” შემდეგ გააკეთა:

“ივო ფელტმა მკითხა (ფილმის პროდიუსერი), როცა სცენარი წაიკითხა, ყველაფერი მესმის, მაგრამ ვინ უნდა შეარჩიო ამ ასაკის, თან რომ ჰგავდეს მერლინ მონროს და თან კარგად ითამაშოსო. ფილმში არის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც ჰგავს მერლინ მონროს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ითამაშეს. ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი სახეები შექმნეს. ეს ძალიან მიხარია, რადგან ჩვენთან ხშირია მსახიობების მხრიდან სიყალბის პრობლემა”,- ამბობს რეჟისორი.

დიმიტრი ტატიშვილი, რომელიც მღვდლის როლს თამაშობს, გვიყვება, რომ ზაზა ურუშაძესთან მუშაობა ერთდროულად იოლიცაა და რთულიც:

“ადვილია იმიტომ, რომ ზაზას აქვს უნარი და შეუძლია აიყოლიოს ძალიან კარგი ადამიანები და ძალიან კარგი პროფესიონალები. როდესაც გადასაღებ მოედანზე არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავიანთი საქმე- ეს ეხება მხატვარს, განათებას ოპერატორს, ყველა კომპონენტი როდესაც მაღალ დონეზეა, ეს მსახიობისთვის არის ნახევარი საქმე, ან მეტიც. როდესაც რეჟისორი გეუბნება ზუსტად იმ სიტყვებს, რომელიც იმ დროს გჭირდება, ეს დიდი კომფორტია. სირთულე ისაა, რომ ზაზა ითხოვს ყველაზე მაღალ სტანდარტს, მაგრამ გიქმნის პირობებს ამ ხარისხის მისაღწევად”,- ამბობს დიმიტრი ტატიშვილი.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს სოსო ხვედელიძე, რომელიც თუმანიშვილის და სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. იგი მორჩილის როლს თამაშობს.

გადაღებები 41 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძირითადი ლოკაცია კახეთში, სოფელ აბუეში და ზემო ალვანში იყო. განსაზღვრული არ არის, რამდენ ხანს დარჩება ფილმი კინოთეატრებში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაინტერესდება მაყურებელი “აღსარებით”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com