მიტინგში მონაწილეობის გამო დათხოვნილი მსახიობები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ოპოზიციის მიერ 2017 წლის 7 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო სამი მსახიობი, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტები, აბას გახრამანოვი, ილგარ ჯახანგიროვი და აიშად მამედოვი, თეატრის ხელმძღვანელობამ სამსახურებიდან დაითხოვა.

მიტინგზე, რომელიც ბაქოს მერიის მიერ იყო სანქცირებული, ისმოდა ისეთი შეძახილები, როგორიცაა “არა ძარცვას” და “გადადექი”. აქციის დროს ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებმა მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლება, რომელიც მათი განცხადებით, ერთი ოჯახის ინტერესებს ემსახურება. მიტინგის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიცია ცილისწამებაში დაადანაშაულეს.

აქციაში მონაწილე სამოქალაქო პოზიციის მქონე მსახიობის დასჯა კი თავად თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა. მიტინგიდან რამდენიმე დღეში ილგარ ჯახანგიროვს თეატრის მენეჯმენტმა “უკანასკნელი გაფრთხილება” მისცა [ჯახანგიროვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის მთავრობას. ამ მიზეზით თეატრიდან რამდენიმე წლის წინაც დაითხოვეს].  ცნობილი მსახიობი ამჟამად ერთ-ერთ აზერბაიჯანულენოვან პოპულარულ სერიალშიც მონაწილეობს. თუმცა, სერიალის შემქმნელების გადაწყვეტილებით, მთავარი გმირი აღარ შეცვალეს.

ილგარ ჯახანგიროვი ქართველ მაყურებელს შესაძლოა ქართველი რეჟისორის, ლევან თუთბერიძის ფილმიდან “გასეირნება ყარაბაღში” ახსოვდეს. ფილმში ილგარ ჯახანგიროვმა ფიზულის როლი ითამაშა.

მეორე არტისტმა, ეროვნული დრამის თეატრის მსახიობმა, აბას გახრამანოვმა კი ფეისბუკის პირად გვერდზე განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ უყვარს საკუთარი ქვეყანა და სახელმწიფო, ხოლო ის, რომ ოპოზიციის მიტინგზე გამოვიდა, სულაც არ ნიშნავს, რომ მიტინგზე გახმიანებულ ლოზუნგებს ეთანხმება. მსახიობის ე.წ. ფოლოვერებმა კი აზრი გამოთქვეს, რომ გახრამანოვმა ეს მუქარის ზემოქმედებით დაწერა.

კიდევ ერთი მსახიობი აიშად მამედოვი აკადემიური ნაციონალური დრამის თეატრიდან 17 ოქტომბერს დაითხოვეს. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში მამედოვი ამბობს, რომ მას თეატრიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

მამედოვი ოფიციალურად ჯერ არ დაუთხოვიათ სამსახურიდან, თუმცა მისი როლები უკვე სხვა მსახიობებს გადაუნაწილეს.

მსახიობის თქმით, სამსახურის დატოვებაზე განცხადების დაწერის იძულება სხვა მსახიობების თვალწინ ხდებოდა, თუმცა მისთვის მხარი არავის დაუჭერია.

მამედოვი აზერბაიჯანულ სერიალშიც თამაშობდა. ამ ამბის შემდეგ კი განუცხადეს, რომ აღარ იყო საჭირო. იმის გამო, რომ მსახიობი სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, სცენარისტები სცენარს ცვლიან – “შემდეგ სერიაში “მოგკლავთ”,  – ასე განუცხადეს არტისტს.

აიშად მამედოვი 1954 წელს მარდაკანში დაიბადა. 1982 წელს აზერბაიჯანის ხელოვნების ინსტიტუტი დაამთავრა.

მსახიობმა, რომელმაც თავისი საქმიანობა 1982 წელს შეკინსკის თეატრში დაიწყო, 2011 წლიდან ნაციონალური დრამის აკადემიურ თეატრში მუშაობდა. აზერბაიჯანელი მაყურებელი მას საკულტო ფილმ “საქორწილო ბეჭედში” შესრულებული ჰუსეინის როლით იცნობს. მსახიობის ცოლი ილგარა ტოსოვი ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია და ისიც ხშირად მონაწილებს სერიალებში.

კულტურის მინისტრი “ოპოზიციონერი” მსახიობებით უკმაყოფილოა

მსახიობების ოპოზიციის მიტინგში მონაწილეობა კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, აბულფაზ გარაევსაც არ მოეწონა და მსახიობების ოპოზიციურ მიტინგში მონაწილეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

“სამწუხაროდ, ზოგიერთებმა, რომლებსაც სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული, ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე გამოსვლისას ხმა აიმაღლეს. ეს არ შეესაბამება კულტურის მუშაკის სულიერი სამყაროს სიმდიდრეს…” – განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ “თუ სახელმწიფო აფასებს ჩვენს ნამუშევარს, ჩვენც უნდა დავაფასოთ. უკანასკნელი ამბები ძალიან სამწუხაროა”.

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, მიტინგის შემდეგ სამსახურებიდან აზერბაიჯანის სამოქალაქო ფრონტის პარტიის რამდენიმე წევრიც დაითხოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუნელ მევლუდი