პეტიცია პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით

დღეს, 24 ოქტომბერს, პარლამენტში “ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით შეიტანა 1000 ხელმოწერა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეისბუქის საშუალებით შეაგროვეს.
მოძრაობის ცნობით, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონპროექტები რამდენიმე არასამთარობო ორგანიზაციამ უკვე მოამზადა და გაუგზავნა პარლამენტს, თუმცა ისინი პარლამენტს არ განუხილავს.
ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ადრე შეტანილი კანონპროექტი ხარვეზებს შეიცავდა, თუმცა, პარლამენტი ამ თემაზე მუშაობას აპირებს.
“ჩვენთან აქამდეც იყო წარმოდგენილი პროექტი, ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ მნიშვნელოვანი შენიშვნები გვქონდა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული ხარვეზები იყო ამ წინადადებაში. ვფიქრობ, შევიწროების საკითხი მნიშვნელოვანი პრობლემაა და დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები და დაცვა მნიშვნელოვანია,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს საქართველოში  სექსუალური შევიწროება არ ისჯება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. პეტიციაზე ხელმომწერები მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.საჯარო სივრცეში. სექსუალური შევიწროება მოიცავს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე, სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა.

სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას,”- წერია პეტიციაში.

ქალთა მოძრაობის განცხადებით, პეტიცია კიდევ ერთი შეხსენებაა საქართველოს პარლამენტისთვის, რომ საჭიროა სექსუალური შევიწროების რეგულირება. გაზაფხულზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია “რა მხოდა ქუჩაში”, რომელიც ამავე თემას ეხებოდა, ხოლო ამჟამად მიმდიანრეობს კამპანია #მეც, რომელიც ეხმიანება მსოფლიო კამპანიას #metoo.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი