ახალი ამბები

სამადაშვილი: ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა

23 ოქტომბერი, 2017 • 2087
სამადაშვილი: ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ფეისბუკში ეხმაურება ენმ–ის პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ეს პარტია არჩევნების მეორე ტურებში აღარ მიიღებს მონაწილეობას.

“ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს”, – წერს სამადაშვილი ფეისბუკში.

21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მეორე ტური უნდა დანიშნულიყო ქუთაისსა და მარტვილში მერების ასარჩევად, რომლებშიც ოცნების კანდიდატებს ენმ–ის წარმომადგენლები უნდა დაპირისპირებოდნენ. თუმცა დღე,ს პარტიის გადაწყვეტილებით, ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს იმ მოტივით, რომ მოსალოდნელია გაყალბება, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, რაც არჩევნებს ფარსად აქცევს. მეორე ტურებზე უარის მიუხედავად, ენმ–ის წარმომადგენლები აპირებენ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში შესვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი