ვიცოდით, რომ ეკლესიასა და უმცირესობაზე კამპანია დაგვაზარალებდა–ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. გაზრდილია “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც შარშან ბარიერის ზღვარზე იყო, ხოლო ლიბერალური პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო. დედაქალაქშიც და პრაქტიკულად ყველგან სახელისუფლებო კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ 2017 წლის არჩევნებიდან? – ამის შესახებ ნეტგაზეთი “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა:

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით კოალიციურმა ქართულმა ოცნებამ, ჯამში, 48,7% მიიღო, ხოლო დღეს მმართველ გუნდს ამომრჩევლის 55.66%-მა დაუჭირა მხარი. 2017 წლის შედეგებით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა თითქმის 6%-ით არის გაზრდილი. თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული ზრდა?

რამდენინიმე მიზეზი აქვს ამ არჩევნებზე ოცნების წარმატებას. ფაქტია, რომ ვინც მიდის არჩევნებზე, მათი უმეტესობა მხარს უჭერს ხელისუფლებას, თუნდაც, როგორც უმცირეს ბოროტებას. მიაჩნია, რომ ყველა სხვას ისევ ეს ჯობია, ან ეს უფრო ნაკლებად უარესია მისთვის, ვიდრე სხვა. ამომრჩეველი ხედავს მარტო ორ ძალას – ე.წ. “ნაცებს” და “ქოცებს”. ჩვენ ვართ ამ რელობაში უკვე, ვერავინ ვერ დაიჭირა მესამე პოზიცია, თუმცა არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამაზე პრეტენზიას აცხადებენ. რეალურად ასეთი სურათია, ვინც არ არის “ქართული ოცნების” ან  “ნაციონალური მოძრაობის” წარმომავლობის, ასეთი პოლიტიკური ძალა ან არ გვყავს, ან თუ გვყავს, გავლენა არ აქვს. რაც მთავარია, პოლიტიკურ პარტიას გავლენა ვერ ექნება თავისთავად, საზოგადოებაშია რეალურად ეს განწყობა, შეიძლება ასეც ითქვას, “ნაცორიენტირებული” და “ქოცორიენტირებული”, იმ შემთხვევაშიც კი, როცა აღიარებ, რომ არც ერთი გინდა. ასეთ შემთხვევაში რომელიღაც მიგაჩნია ნაკლებ უბედურებად. ორივე ერთნაირ მინუსად რომ მიგაჩნდეს, ასეთი თითქმის არ არის. ვიღაცისთვის “ნაციონალური მოძრაობაა” ყველაზე დიდი უბედურება და ასეთი ხალხი ყოველთვის, გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლებას მისცემს ხმას. მეორე, რომელსაც მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” უფრო დიდი უბედურებაა და ცდილობს, უფრო ძლიერი ოპოზიცური ძალა დაინახოს, რომელიც ხელისუფლების შემცვლელია და იმას მისცეს ხმა.

მეორეა საერთოდ თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა. ჩვენთან რატომღაც ყველა გაიძახის, რომ ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები და ირჩევ მეურნეს და ისეთ ადამიანებს, ვინც საყოფაცხოვრებო პრობლემებს გადაჭრის; საერთოდ, პოლიტიკა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაა, ასე რომ, როგორც კი შენ ეს გადაგყავს სამეურნეო კონტექსტში, იქ ხელისუფლება იღებს უპირატესობას, რადგან ადამიანები ამ სამეურნეო პრობლემების გადაჭრის იმედს ხედავენ იმაში, ვისაც აქვს ძალაუფლება. კანალიზაციას გაუკეთებს და წყალს გამოუყვანს ის, ვის ხელშიც ძალაა, ეს ძალა ხელისუფლების ხელშია. ეს მეორე მომენტია.

მესამეა თავად საარჩევნო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებისას ყველა პარტიამ ყველა ოლქში წარმოადგინოს ცალკე სია. რთულია, წმინდა ადამიანური რესურსის და ფინანსური რესურსის გარეშე, პლუს ადგილზე დიდია ზეწოლა ოპოზიციურ კანდიდატებზე, აქაც ხელისუფლებას დიდი უპირატესობა აქვს. ბევრ პარტიას ბევრგან, მათ შორის ჩვენს პარტიას, ნახევარზე მეტ ოლქში უბრალოდ არ ჰქონდა პარტიული სიები, საერთოდ ბიულეტენში არ იყო. ესეც გარკვეულწილად ზემოქმედებს, განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც ადამიანები ხედავენ, ვის ხელშია ძალაუფლება და ურჩევნიათ, ვინც ხელისუფლებაშია, მას მისცეს ხმა- ამ კოორდინატორის გულს მოვიგებ, მერე იქნებ რამის შეკეთებაში მომეხმარონ.

ასევე გაზრდილია “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველთა რაოდენობა. 2016 წელს ეს პარტია ბარიერის გადალახვის ზღვარზე იყო და 5%  დამრგვალდა, ხოლო დღეს 6.53%-იანი მხარდაჭერა აქვს. როგორ შეაფასებთ მათი რეიტინგის ზრდას?

ასეთი ტიპის ამომრჩეველი, როგორიცაა “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი, წარსულზე და რუსეთზე ორიენტირებულია. ის, რომ ეს პარტია სტაბილურად 5-6%-ზეა ბოლო ორი წელია, ეს არ არის გასაკვირი. 2014 წელს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას ჰქონდა… აბსოლუტურად იგივე ხაზი აქვს აღებული, იმას 10% ჰქონდა თბილისში, მაგალითად. ბურჯანაძეს მოაკლდა და დაემატა “პატრიოტთა ალიანსს”.

რატომ გადაინაცვლა ბურჯანაძის ამომრჩეველმა “პატრიოტთა ალიანსისკენ”?

ბურჯანაძე არის უფრო ძველი, ეს პარტია მათთვის ახალია. მეორეც, ბურჯანაძე უფრო ოპოზიციონერია, მართლა. ის ხელისუფლებასთან, ბიძინა ივანიშვილთან უფრო არის ოპოზიციაში. “პატრიოტთა ალიანსი”, მე ვიტყოდი, “ქართული ოცნების” უფრო რადიკალური ფრთაა, ვიდრე “ქართული ოცნების” ოპოზიცია. ის ძირითადად ერჩის თვითონ ოცნების შიგნით კვირიკაშვილს და ისეთებს, ვინც არ არიან მათთვის მოსაწონი. ჯგუფს ერჩის ოცნებაში, თორემ, მაგალითად, თამაზ მეჭიაური, როცა იყო ამ პარტიაში, მასთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა. ფულიც მეტია “პატრიოტთა ალიანსთან” და ხელისუფლებასთან სიახლოვეც. საკრებულოში შევიდა “პატრიოტთა ალიანსი” და ნახავთ, რა ოპოზიციაც იქნება.

ასევე მინდა გკითხოთ უშუალოდ თქვენი პარტიის რეიტინგზეც, ამ არჩევნებზე “რესპუბლიკელებმა” 0.76% მიიღეს, 2016 წელს კი მათი მხარდაჭერა 1,55-იანი იყო, შემცირდა მხარდაჭერა…

მე ვერ ვიტყვი, რომ შემცირდა, ჩვენმა პარტიამ 2016 წელს მიიღო სრულიად კატასტროფული შედეგი. მას შემდეგ ჩვენ ასევე სერიოზული დანაკლისი გვქონდა, პარტიიდან წავიდნენ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი. ის ხალხი, ვისთანაც პირველ რიგში ასოცირდებოდა “რესპუბლიკური პარტია”. არა მხოლოდ ბატონი უსუფაშვილი წავიდა, მას გაჰყვა ძალიან ბევრი ადამიანი, პრაქტიკულად,  რაიონული ორგანიზაციების 80% დავკარგეთ.

თქვენი აზრით, ეს ხმები წაიღო უსუფაშვილმა?

იქიდან ყველა დათო უსუფაშვილთან არ წასულა. რაღაც ნაწილი წავიდა “ქართულ ოცნებაში” და ზოგიერთი მათგანი დეპუტატიც გახდა, ზოგი წავიდა უსუფაშვილის “შენების მოძრაობაში”, ზოგიც საერთოდ წავიდა, მააგრამ საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციული დანაკლისი და დარტყმა მიიღო პარტიამ 2016 წლის არჩევნების შემდეგ. მას შემდეგ დიდი დრო არ არის და ეს შეუძლებელია არ ასახულიყო. პარტიაში მოხდა რეალურად ლიდერთა ცვლილება, გვყავს ახალგაზრდა ლიდერები, ქალები. რეალური ლიდერები არიან ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. პრაქტიკულად, პარტია იწყებს ახლა და სტარტი გვქონდა საკმაოდ ხმაურიანი. ჩვენ ვიცოდით, როდესაც კამპანია წამოვიწყეთ, რომელიც ეხებოდა ეკლესიის დაფინანსებას, უმცირესობების უფლებებს, ძალიან კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ არჩევნებზე დავზარალდებოდით სერიოზულად. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ღირებულებები და ორიენტაცია, ღირებულებითი არჩევანი შევთავაზეთ ამომრჩეველს, რომელიც ვფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე უნდა გადაიზარდოს ელექტორალურ მხარდაჭერაში. ჩვენ ვაპირებთ ამ ხაზით ვიაროთ, გავიჩინოთ საბაზო ამომრჩეველი, რომელიც ლიბერალურია, და ვფიქრობთ, რომ ეს პოტენცია აქ არის. წელს ჩვენ არ გვქონია დიდი იმედები, რომ ვარსკვლავებს მოვწყვეტდით, ამიტომ ოპტიმისტური მოლოდინბიც არ გვქონია. უბრალოდ, სასურველი იყო, რომ თბილისში ცოტა მეტი ხმა აგვეღო, ხათუნა სამნიძე, ერთი ადამიანი მაინც მოხვედრილიყო საკრებულოში. მომავალს არ ვუყურებთ მაინცდამაინც პესიმისტურად. სწორ გზაზე ვართ.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, არსებობდა სერიოზული მოლოდინი, რომ მეორე ტური იქნებოდა. რატომ მივიღეთ ის შედეგები, რაც მივიღეთ? თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო წინასწარ მეორე ტურის იმედად ყოფნა თვითონ კანდიდატების მხრიდან?

კახა კალაძემ, რომელიც ძლიერი კანდიდატი იყო იმთავითვე, აიღო 51%. ასეთი წესია ჩვენთან არჩევნებში, ის ბიულეტენები, რომლებიც გაფუჭებულია, ის არ ითვლება მომსვლელებში. ძალიან უცნაური წესია, თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოიღო ეს წესი. ჩვენ თუ დავთვლით ამ გაფუჭებულ ბიულეტენებსაც, ანუ ვინც რეალურად მივიდა არჩევნებზე და ჩააგდო ბიულეტენი, და აქედან ვიანგარიშებთ კალაძის ხმებს, მივიღებთ, რომ მას 50% არ აქვს და აქვს 49%. ამ წესს რომ არ ეარსება, შეიძლებოდა მეორე ტურიც ყოფილიყო.

ეს არ არის მარტო მიზეზი. მეორეა, რომ მაინც ამომრჩეველმა, მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილმა ბევრი ხმა აიღო, ვერ დაინახა რეალურად ალტერნატივა ხელისუფლების.

რატომ?

ჩემი აზრით, ელისაშვილი იყო ყველაზე რეალური პრეტენდენტი მეორე ტურისთვის. ერთი მხრივ, ელისაშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის დამოუკიდებელი იყო და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა, ამიტომ მას ხმა მისცა ბევრი პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველმა. ძალიან ჭრელი იყო მისი ელექტორატი იმიტომ, რომ ალეკო პირველ რიგში ასოცირებული იყო არა რომელიმე პოლიტიკურ ხედვასთან, პოლიტიკურ პლატფორმასთან, ძირითად ასოცირებული იყო თბილისთან, თბილისის პრობლემების გადაჭრასთან, ამ კუთხით იქნა ის გამორჩეული. ამიტომ ეს იყო მისი პლუსი, ერთი მხრივ. გუნდიც ასეთი ჰყავდა, გარემოცვაც საკმაოდ ეკლექტური ჰყავდა. ეს, ერთი მხრივ, პლუსი იყო, რადგან ბევრ ამომრჩეველს იზიდავდა სხვადასხვა სეგმენტიდან, მეორე მხრივ, ამან ხელი შეუშალა იმაში, რომ წარმოჩენილიყო მმართველი პოლიტიკური ძალის ალტერნატივად. თუ გინდა, რომ მოსახლეობაში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვიო ხელისუფლების წინააღმდეგ, მან პოლიტიკურ ალტერნატივად უნდა დაგინახოს. პოლიტიკურ ალტერნატივად ის არ ჩაითვლა, ფიქრობდნენ, რომ ალეკო იქნებოდა უფრო კარგი მერი, ვიდრე სხვა და ეს არ არის საკმარისი ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვართ. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ალტერნატივა. ალეკოს უკან ძალა არ ჩანდა, ის იყო ერთი კაცი. ჩაითვალა, რომ აი, კარგი ბიჭია და ამიტომ მიიღო 17%.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შეთანხმდებოდა ერთ კანდიდატზე და მთელი მათი რესურსი, რაც თბილისის მერის არჩევნებისთვის გაიღეს, მოხმარებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის წინასაარჩენო კამპანიას და შემდგომ უკვე არჩევნების დღეს მობილიზებას, რამდენად იყო შანსი სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების?

ეს ახლა საერთოდ ზღაპარია. არარეალური ნატვრებია. არასდროს არ იქნება საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში ერთი ოპოზიციური კანდიდატი. ხელისუფლების დამარცხება თვითმიზანი არასდროს არ არის, ყველას უნდა მისიანმა გაიმარჯვოს. როგორ შეიძლება ყველა შეთანხმებულიყო ერთზე, ვერ შეთანხმდებოდნენ. ეს თითქმის გამორიცხულია. მეორეც, ოპოზიციური ხმების დაქუცმაცება… კალაძე რა შუაშია? მას მისი მხარდამჭერი აძლევდა ხმას, კალაძის 51%-დან იმ ერთ ოპოზიციურ კანდიდატს მისცემდა ხმას?! ერთადერთი სარგებელი, რაც აქვს ერთ კანდიდატს, ეს არის პოლიტიკურ ალტერნატივად წარმოჩენა. ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა პოლიტიკაში, რაში სჭირდებოდა მას სხვა პარტიები და კოალიცია? ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო მარტო “ქართული ოცნება”, რა, ვერ მიიღებდა შედეგს თუ რა?! მას ესმოდა, რომ ეს ერთიანობის, ალტერნატიული ძალის გამაერთიანებლის იმიჯი იყო სასარგებლო და საჭირო, გარდა სხვა ფაქტორებისა, როდესაც უპირისპირდები მმართველ ძალას.

ბოლო არჩევნებზე გამოვლინდა კოორდინატორების მიერ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის აღნუსხვის პრაქტიკა… რა მნიშვნელობა აქვს ამ რესურსის გამოყენებას არჩევნებში?

ამომრჩევლის მობილიზება, მოყვანა, ზემოქმედება, ამას რეალურად მმართველი ძალა აკეთებს მხოლოდ, სხვა ვერავინ ვერ აკეთებს ამას.

თქვენს პარტიას ჰყავდა კოორდინატორები?

არა, ჩვენ არათუ კოორდინატორები, დამკვირვებელიც არ გვყავდა რამდენიმე ადგილას. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მიიყვანოს არჩევნებზე. კოორდინატორები ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები თვლიან, რომ ხელისუფლება მაინც არ იცვლება, ასეთ დროს ადამიანები კოორდინატორს განიხილავენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს და ცდილობს არ გაიფუჭოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, არ შეიქმნას პრობლემები. კოორდინატორები რომ არ იყვნენ, შეიძლება ძალიან არა, მაგრამ რაღაც ხმებით ნაკლები მიეიღოთ. ასეთ არჩევნებში, სადაც პოლიტიკური ბედი არ წყდება ქვეყნის, მათი გავლენა გაცილებით მეტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com