ახალი ამბები

კობახიძე: მკაცრად გავაფრთხილეთ ჩვენი აქტივისტები, რომ არ აღერიცხათ პერსონალური მონაცემები

23 ოქტომბერი, 2017 • 1966
კობახიძე: მკაცრად გავაფრთხილეთ ჩვენი აქტივისტები, რომ არ აღერიცხათ პერსონალური მონაცემები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მკაცრად გააფრთხილა პარტიის თითოეული აქტივისტი, რომ ბოროტად არ გამოეყენებინათ სადამკვირვებლო უფლებამოსილებები და არავითარ შემთხვევაში აღერიცხათ პერსონალური მონაცემები.

“სამწუხაროდ, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს. ეს არის სამწუხარო რეალობა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღრიცხვა, როგორცი არის, მაგალითად, პირადი ნომრები. იყო თავის დროზე რეგულაცია საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა რადიუსი. საარჩევნო უბნის გარშემო განსაზღვრულ რადიუსში არ შეეძლოთ დგომა ადამიანებს. ეს რეგულაცია გაუქმდა, თუ არ ვცდები, 2010 წელს. მას შემდეგ ასეთი ნორმა აღარ მოქმედებს,” – ამბობს ირაკლი კობახიძე ტვ პირველთან საუბრისას.

როგორც მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, პირადად მას არ მოსწონს ის ტაქტიკა, რაც არის საქართველოში ჩამოყალიბებული დიდი ხნის განმავლობაში:

“მე ეს პრაქტიკა არ მომწონს, თუმცა არის პარტიების ინტერესები. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების [კოორდინატორები] არ დგანან ხოლმე საარჩევნო უბნების გარშემო. აქედან გამომდინარე, არის კონკრეტული პარტიების ინტერესი, რომ პრაქტიკა არ შეიცვალოს.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ პირველთან საუბრისას არ გამორიცხა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დაზუსტდება და გაიწერება ის, თუ რა მანძილზე არ შეეძლება პარტიულ აქტივს უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან მისვლა.


დღეს, 23 ოქტობერს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პრაქტიკაშიც და კანონმდებლობაშიც უნდა გასწორდეს სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლების წვდომის საკითხი, რასაც მიმდინარე არჩევნებზე ჰქონდა ადგილი და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეუთოს სადამკვირვებლოს მისიის ხელმძღვანელის კრიტიკა მოჰყვა.


ზემოხსენებული პრაქტიკა, რაც საიას შეფასებით, ამომრჩევლის ნების კონტროლია, მდგომარეობს იმაში, რომ რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების”, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები იდგნენ და უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს ინიშნავდნენ. ეს მათ საშუალებას აძლევადთ, სცოდნოდათ, ვინ არ იყო არჩევნებზე მისული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიი ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა/არმიცემა ადამიანის პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში არ უნდა იყოს ამ მონაცემების შეგროვება.

კორინ იონკერმა ასე უპასუხა შეკითხვას თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მემარცხენე ალიანსთან ერთად არჩევნებზე მისული ადამიანების მონაცემებს იწერდნენ.

კორინ იონკერმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა იფიქროს, თუმცა, მისივე თქმით, ის ვერ იტყვის, რომ ამ პრაქტიკას ყველა უბანზე ჰქონდა ადგილი და არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამან არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა.

“სადაც ამას ჰქონდა ადგილი, არ უნდა მოხდეს. ხმის არმიცემა ასევე პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს გაიგოს”, – თქვა იონკერმა.

21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი