ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში შობადობა შემცირდა

23 ოქტომბერი, 2017 • 2420
აფხაზეთში შობადობა შემცირდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წლის პირველ ცხრა თვეში 1500-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა. ეს რიცხვი 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 500-ით ნაკლებია.

აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემს აფხაზურ მედიასთან საუბარში აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი რიტა ტრაპში ავრცელებს.

“2000 წლის შემდეგ ასეთი მაჩვენებელი არ გვქონია. აბორტების აკრძალვის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა, რომელიც შობადობის გაზრდაზე იყო გათვლილი, სამწუხაროდ, არაფერი მოგვიტანა, გარდა იმისა, რომ 2016 წელს ორი მშობიარის სიკვდილი მივიღეთ. ბევრჯერ განვაცხადე, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია სამედიცინო ჩვენება ორსულობის შეწყვეტის დროს. სულ ახლახან ჩვენთან შემოვიდა ქალი, რომელიც მაღალი წნევის გამო ორსულობის შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა უარი ვუთხარით. როდესაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, იძულებული გავხდით, მისთვის აბორტი გაგვეკეთებინა”, – ამბობს ექიმი.

მისივე განმარტებით, მშობიარეთა დიდი ნაწილი რუსეთში მიემგზავრება და მშობიარობის შემდეგ ორმაგ მოქალაქეობას იღებს.

აფხაზეთის დემოგრაფიული მდგომარეობა იყო ის პირველადი მიზეზი, რისთვისაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა 2016 წლის  დასაწყისში აბორტის სრულ აკრძალვას დაუჭირეს მხარი. თუმცა ერთი წლის შემდეგ აფხაზეთის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ აბორტის აკრძალვას აფხაზეთში შობადობაზე გავლენა არ მოუხდენია.

აბორტის აკრძალვის შესახებ მსჯელობა აფხაზეთში კანონის მიღებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგებმა შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევდა. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია. ამის მიუხედავად, ეს პოზიცია პარლამენტარებს არ გაუზიარებიათ.

აბორტის სრული აკრძალვის შემდეგ  ექიმები აფხაზეთში და თავად ის ქალები, ვისაც უშუალოდ შეეხო აბორტის გაკეთების საჭიროება, ყვებოდნენ ნეტგაზეთთან, რომ კანონმა აბორტის სრული აკრძალვის შესახებ სიტუაცია ყველა კუთხით კიდევ უფრო გაართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი