კალაძე: მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ ოფიციალურად მერის მოვალეობის შესრულებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება, რის შემდეგაც მერიაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები იქნება.

ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“სხვათა შორის, ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში. მაქსიმალურად შევეცდები, ყველას პროფესიონალიზმი იყოს გამოყენებული”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.

“თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტრანზიციის პერიოდში ნაკლები აქტიურობა გვექნება. პირიქით, გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ საქმიანობას”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მოადგილეებისა და გუნდის წევრების ვინაობის შესახებ “ძალიან მალე” გაავრცელებს ინფორმაციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com