ადვოკატის ცემის საქმეზე პოლიციელს 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე სასამართლომ ბრალებულ პოლიციელს 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა მიუსაჯა, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში სრულად არ ცნო დამნაშავედ.

საქმე ეხება თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსის, ლაშა კვირკვაიას მიერ ადვოკატის ცემას, რა დროსაც ადვოკატმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ლაშა კვირკვაიას  ბრალი ედებოდა  სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

“საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს, ლაშა კ.-ს შეკამათება მოუვიდა იმავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გიორგი მ-სთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი – არასრულწლოვნის მიერ დუმილის უფლების გამოყენების გამო. ლაშა კ-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გიორგი მდინარაძეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება,”- აცხადებს სასამართლო.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

“სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ ცნო ლაშა კ-ს ბრალდება მასში, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩაიდინა ძალადობით. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდებულის პიროვნების და ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ლაშა კ-ს სასჯელის სახედ და ზომად  ჯარიმა – 12 000 ლარი განესაზღვრა, რაც ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით,”- აცხადებს სასამართლო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი