ახალი ამბები

საჩხერის “ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა – შოთა კაშიას ოპერაცია ჩაუტარდა

23 ოქტომბერი, 2017 • 3105
საჩხერის “ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა – შოთა კაშიას ოპერაცია ჩაუტარდა

გუშინ, გვიან ღამით, ხაშურთან ახლოს, საჩხერის “ჩიხურას” კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელშიც გუნდის ფეხბურთელები ისხდნენ, ავარიაში მიჰყვა. შედეგად, ყველაზე მძიმედ გუნდის კაპიტანი, შოთა კაშია დაშავდა.

შოთა კაშიას ლავიწის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა. მას ხვალ გაწერენ საავადმყოფოდან და სახლში გააგრძელებს მკურნალობას. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდის კაპიტანი რამდენიმე თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას, რადგან ოპერაციის შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

კლუბის ხელმძღვანელების თქმით, შოთა კაშიას გარდა, კიდევ ერთი ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა, უმნიშვნელოდ – ის დღესვე გაწერეს საავადმყოფოდან, ვარჯიშს კი მალევე განაახლებს. რაც შეეხება დანარჩენ სპორტსმენებს, როგორც კლუბში აცხადებენ, ისინი თავს კარგად გრძნობენ. შესაბამისად, გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშს გააგრძელებს.

საქართველოშ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

“ჩიხურას” ფეხბურთელები კლუბის მიკროავტობუსით საჩხერეში ბათუმიდან ბრუნდებოდნენ. უმაღლესი ლიგის გასვლით მატჩში გუშინ საჩხერელებმა სწორედ ბათუმის “დინამო” დაამარცხეს.

ცნობისთვის, შოთა კაშია არნემის “ვიტესის” კაპიტნის და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ძმაა. საჩხერის “ჩიხურას” კაპიტანი ეროვნულ ლიგაში სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში”, ცხინვალის “სპარტაკში” და გორის “დილაში” გამოდიოდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში შოთა და გურამ კაშიები ერთადაც თამაშობდნენ.

საფეხბურთო კლუბი - საჩხერის "ჩიხურა"

საფეხბურთო კლუბი – საჩხერის “ჩიხურა”

მასალების გადაბეჭდვის წესი