ახალი ამბები

წულუკიანი: ვაშაძის მხარდამჭერი მესიჯების ამომრჩევლისთვის გაგზავნა შესასწავლია

23 ოქტომბერი, 2017 • 3258
წულუკიანი: ვაშაძის მხარდამჭერი მესიჯების ამომრჩევლისთვის გაგზავნა შესასწავლია

უწყებათაშორისმა კომისიამ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის მხარდამჭერი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის საკითხზე იმსჯელა.

კომისიის სხდომაზე, რომლიც დღეს 23 ოქტომბერს გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, უშუალოდ არჩევნების დღეს სააგიტაციო შეტყობინების დაგზავნის საკითხი შეისწავლოს როგორც ცესკომ, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

“საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს აკრძალულია აგიტაცია. ეს ესემესები ზოგს მიუვიდა ხმის მიცემის პროცესში, ზოგი იყო დამკვირვებელი, წარმომადგენელი თუ უბრალოდ ამომრჩეველი უბანზე, და უბნებზეც გავრცელდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, რეაგირებისთვის ამ საკითხს გაუგზავნის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ამ მონაცემების დამუშავებისას ხომ არ იყო პერსონალური მონაცემების დარღვევა.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც.

სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი – 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა მინიმუმ ერთხელ მაინც ნახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი