ახალი ამბები

სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონმდებლობაშიც უნდა გასწორდეს – წულუკიანი

23 ოქტომბერი, 2017 • 2302
სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონმდებლობაშიც უნდა გასწორდეს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრაქტიკაშიც და კანონმდებლობაშიც უნდა გასწორდეს სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლების წვდომის საკითხი, რასაც მიმდინარე არჩევნებზე ჰქონდა ადგილი და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეუთოს სადამკვირვებლოს მისიის ხელმძღვანელის კრიტიკა მოჰყვა.

“სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლებს- განურჩევლად იმისა, იყო ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი- ჰქონდათ ზოგიერთ უბანზე წვდომა. ამას ალბათ საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად მე არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური აქტივიზმი უნდა აიკრძალოს უბანათან მიმდებარე ქუჩებზე თუ ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონმდებლობაშიც უნდა გასწორდეს”, – განაცხადა წულუკიანმა, რომელიც ამავდროულად უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელია.

ზემოხსენებული პრაქტიკა, რაც საიას შეფასებით, ამომრჩევლის ნების კონტროლია, მდგომარეობს იმაში, რომ რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების”, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები იდგნენ და უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს ინიშნავდნენ. ეს მათ საშუალებას აძლევადთ, სცოდნოდათ, ვინ არ იყო არჩევნებზე მისული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიი ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა/არმიცემა ადამიანის პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში არ უნდა იყოს ამ მონაცემების შეგროვება.

კორინ იონკერმა ასე უპასუხა შეკითხვას თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მემარცხენე ალიანსთან ერთად არჩევნებზე მისული ადამიანების მონაცემებს იწერდნენ.

კორინ იონკერმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა იფიქროს, თუმცა, მისივე თქმით, ის ვერ იტყვის, რომ ამ პრაქტიკას ყველა უბანზე ჰქონდა ადგილი და არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამან არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა.

“სადაც ამას ჰქონდა ადგილი, არ უნდა მოხდეს. ხმის არმიცემა ასევე პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს გაიგოს”, – თქვა იონკერმა.

21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, “თეა წულუკიანმა  და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა საზოგადოებას არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება მიულოცეს. მშვიდობიანად და მაღალ დონეზე არჩევნების ჩატარებისთვის კომისიამ ცესკო-სა და საარჩევნო სუბიექტებს მადლობა გადაუხადა”.

“კომისიის წევრებმა მთავარი პროკურატურისა და შსს-გან მოისმინეს ინფორმაციია 19 ოქტომბერს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.  როგორც სხდომაზე შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნეს, გამოძიების ამ ეტაპზე იკვეთება, რომ ინციდენტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

გარდა ამისა, მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნოდ მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დმანისში ადგილობრივთა „ყურანზე“ დაფიცებასთან დაკავშირებით. როგორც წინა სხდომაზე მომჩივანმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა მომხდარი ფაქტი და შესაბამისი რეკომენდაცია მიიღო, მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონია; დღევანდელ სხდომაზე კი პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინასაგამოძიებო მოქმედებების დროს გამოიკითხა ყველა პირი, ვისაც კი ამ პროცესთან რაიმე შეხება ჰქონდა და დადგინდა, რომ  „ყურანზე“ დაფიცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კომისიამ განიხილა არჩევნების დღეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი ვაშაძის მხარდამჭერი ტექსტის დაგზავნის საკითხი. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, უშუალოდ არჩევნების დღეს სააგიტაციო შეტყობინების დაგზავნის საკითხი შეისწავლოს როგორც ცესკომ, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა პარტიების წარმომადგენელთა მიერ სამაგიდო სიებზე წვდომისა და მოსული ამომრჩევლის აღრიცხვის შესახებ. აღინიშნა, რომ პარტიული საქმიანობის ნაწილია კოორდინატორთა მუშაობა საარჩევნო უბნის მიმდებარედ, თუმცა  პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში არ უნდა ამოწმებდეს მონაცემებს და  ამ სიებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, კომისიამ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიისგან მიიღო  ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების ჩამოხევის, გადაფარვისა და დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზში.

უწყებათაშორისმა კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადებებიც განიხილა, რომლებიც შესაძლო ზეწოლის და სააგიტაციო მასალის დაზიანების − პლაკატების ჩამოხევის ან მასზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატის გადაკვრის ფაქტებს უკავშირდებოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ყველა იმ საკითხს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა უწყებათაშორის კომისიას მიმართეს, უკვე მოჰყვა რეაგირება; ისინი შს სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, აუდიტის სამსახურსა და ცესკოს გაეგზავნა. ამ უწყებების წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების თაობაზე.

“გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალის მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. მედიაში გავრცელებული შესაძლო დარღვევების ფაქტებზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება და ისინი შესაბამის უწყებებს ეგზავნება. ამდენად, უწყებათაშორის კომისიას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის საშუალება ჰქონდა, მათზე რეაგირების შესახებაც მიეღო ინფორმაცია”.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

 

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი – 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი