ახალი ამბები

თამაზ მეჭიაური არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს

23 ოქტომბერი, 2017 • 4350
თამაზ მეჭიაური არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან” ლელა ქიტესაშვილმა 4 ხმით გაიმარჯვა, სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ მეჭიაურმა ტელეკომპანია იბერიას განუცხადა.

“სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. სასამართლოს გაუჭირდება რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება გარდა იმისა, რომ საწყის პოზიციაში დააბრუნოს მდგომარეობა”, – ამბობს მეჭიაური.

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მის ხელთ არსებული 20 საუბნო კომისიის ოქმებით ქართული ოცნების კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი 1 ხმით დაამარცხა, თუმცა საოლქო კომისიამ ბათილი ბიულეტენები მის კონკურენტს დაუმატა და ამტკიცებს, რომ ქიტესაშვილმა მოიგო 4 ხმით.

როგორც მეჭიაურმა ნეტგაზეთს განუცხადა, არჩევნები ბევრად მეტი ხმით მოიგო, თუმცა იმ ოქმებით, რომლის დაცვაც მოახერხა, 1 ხმით იგებს. საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კი საპირისპირო შედეგის დადება სურს.

“რეალურად ერთი ხმით ვიგებთ. შემდეგ შეცვალეს საოლქო კომისიაში. მთელი ამბავია აწეული. ძალიან ღიად ჩანს ეს ყველაფერი”, – უთხრა ნეტგაზეთს მეჭიაურმა.

ცესკოს ვებგვერდზე ატვირთლი საჩივრების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ გაასაჩივრა თიანეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები და მოითხოვა ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა. საოლქო კომისიაში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაემატა.

თუ საბოლოოდ მეჭიაური გამარჯვებას მოახერხებს, ეს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შემთხვევა იქნება, როცა მერის არჩევნებში ოცნება პირველივე ტურში დამარცხდა.

თიანეთში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა მერის არჩევნებში.

თავდაპირველად თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების” წევრი და ამ პარტიის რიგებში პარლამენტის დეპუტატიც იყო, თუმცა შემდეგ მისი და მმართველი პარტიის გზები გაიყო და მეჭიაურმა თავისი პარტიაა დააფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი