ახალი ამბები

როგორ აფასებს თვითმმართველობის არჩევნებს NDI? – ორგანიზაციის შემაჯამებელი ანგარიში

22 ოქტომბერი, 2017 • 2304
როგორ აფასებს თვითმმართველობის არჩევნებს NDI? – ორგანიზაციის შემაჯამებელი ანგარიში

“აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა”(NDI) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. “არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა”, – ასე აფასებს ორგანიზაციის სადამკვირვებლო დელეგაცია პროცესს, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა. შემაჯამებელ დოკუმენტში ყურადღება წინასაარჩევნო გარემოზე, პოლიტიკურ ძალებს შორის რესურსების გადანაწილებაზე, ქალთა ჩართულობასა და მედიაგარემოზეა გამახვილებული.

ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა ადგილი ჰქონდა ცალკეულ დარღვევებს, რაც კომისიის წევრების კომპეტენციის ნაკლებობასა და პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების ხმის დათვლის პროცესში ჩარევას უკავშირდებოდა. ორგანიზაციის დამკვირვებლები განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ მარნეულში დაფიქსირებულ დარღვევებს.

NDI-ს სადამკვირვებლო მისიის აზრით, გარკვეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის შევიწროვებას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მათთვის კონკრეტული ინსტრუქციების მიცემითა და რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებით. ანგარიშის მიხედვით, “ცესკოს განმარტების პარალელურად, რომ ამ უკანასკნელით კანონი არ ირღვევა, დამკვირვებლების ცნობით, ამომრჩეველთა მხრიდან იყო პროტესტი, საერთაშორისო დამკვირვებლები კი მოუწოდებდნენ ოფიციალურ პირებს, აღეკვეთათ აღნიშნული პრაქტიკა, ამომრჩეველთა პოტენციური დაშინებისა და კონტროლის თავიდან ასაცილებლად”.

“ზოგიერთმა ამომრჩეველმა ჩვენს დამკვირვებლებს უთხრა, რომ თავს შევიწროვებულად გრძნობდნენ ამის გამო. როგორც ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს მიკერძოებლად არჩევნების დაკვირვებას, ასევე ძალიან შევშფოთდით, როცა შევიტყვეთ, რომ ბევრი აკრედიტებული მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნებოდა, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ”, – აღნიშნა ანგარიშის პრეზენტაციისას ორგანიზაციის პროგრამების დირექტორმა მელისა მუსიომ.

აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის აზრით, წინასაარჩევნო გარემო კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდებოდა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ  “ქართულმა ოცნებამ” მიიღო დეკლარირებული პოლიტიკური შემოწირულობების 90% და მედიაში ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა; ამის საპირისპიროდ კი, ოპოზიციურ პარტიებს მწირი რესურსებისა და საგრძნობლად დაბალი ხილვადობის პირობებში უწევდათ მოქმედება. ორგანიზაციის აზრით, “ასეთმა უთანასწორობამ და წინასაარჩევნოდ პოლიტიკისა და დებატების ნაკლებობამ ჯანსაღ შეჯიბრს შეუშალა ხელი”.

ამავე კონტექსტში, ორგანიზაციის ანგარიშში ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლების მიერ კანდიდატურების მოხსნის საკითხი მოხვდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც ცესკოს სტატისტიკას ეყრდნობა, ჯამში, 457-მა ადამიანმა მოხსნა თავისი კანდიდატურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარგარეტ კურანის თქმით, გადაწყვეტილების ნათელი ახსნა უკვე ყოფილი კანდიდატებისგან ვერ მოისმინეს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც NDI წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას შეეხო, ამომრჩევლისთვის საარჩევნო სუბიექტთა პროგრამების დაბალი ხარისხით მიწოდებაა. სადამკვირვებლო დელეგაციაში ფიქრობენ, რომ ამ მხრივ, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ბალანსი დარღვეული იყო.

“თბილისის მასშტაბით განიხილებოდა ბევრი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა პენსიები, გარემოს დაცვა და ა.შ. თუმცა რეგიონებში ამის ნაკლებობა შეინიშნებოდა. მნიშვნელოვანი განსხვავებები პარტიების ხედვებს შორის არ იყო ცხადად გამოკვეთილი. ასევე, პარტიები და მათი კანდიდატები არ იყვნენ წახალისებულნი, რომ დეტალურად მოეყოლათ თავიანთი გეგმების შესახებ. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კამპანიები იყო ძალიან ზოგადი და ზედაპირული”, – განაცხადა მარგარეტ კურანმა.

ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზეც მმართველი პარტიის მხრიდან, როგორიცაა წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების, ძირითადად მასწავლებლების მობილიზება მხარდამჭერ შეხვედრებზე დასასწრებად, ასევე სამთავრობო შენობებისა და ინვენტარის გამოყენება. არა მტკიცებით ფორმაში, თუმცა ანგარიშში ამ კონტექსტშია ნახსენები საქველმოქმედო მატჩი მმართველი პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატის კახა კალაძისა და მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების მონაწილეობით.

საარჩევნო და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, NDI ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, მაღალი არ არის. ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მომდევნო არჩევნებისთვის, შესაბამისი ღონისძიებების მეშვეობით, ქალთა წარმომადგენლობა ყველა დონეზე გაზარდონ.

რაც შეეხება მედიის ფაქტორს: აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, ქართულმა მედიასაშუალებებმა წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებას თავი კარგად გაართვეს და რიგი დარღვევების მონიტორინგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, კვლავ რჩება პრობლემები, როგორიცაა ფინანსური ბარიერების შექმნა “რუსთავი2”-სთვის, რეგიონული მედიის პრობლემები და პოლიტიკური პროგრამების დახურვის საკითხი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

NDI-ს 15 რჩევით სრულდება, რომელსაც ორგანიზაცია, წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო კომისიას, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას აძლევს.

პარლამენტს NDI ურჩევს, საარჩევნო სისტემაში ეფექტური რეფორმები გაატაროს, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა ხმებს თანაბარი “წონა” ჰქონდეთ; “ცესკოს” ორგანიზაცია ურჩევს, ითანამშრომლოს პოლიტიკურ პარტიებთან და მაქსიმალურად აღკვეთოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო პროცესში; ასევე, მოუწოდებს, დროულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა უბნებზე გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე. პოლიტიკური პარტიების მიმართ რჩევები, ძირითადად, მომხრეების მხრიდან ძალადობის მაქსიმალურ პრევენციის, კანდიდატების გამჭვირვალედ შერჩევისა და პროცესებში ქალთა ჩართულობის დონის ამაღლების აუცილებლობასთან დაკავშირებით ისმის. მედიას კი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ჟურნალისტების გადამზადებას, განსაკუთრებით, საგამოძიებო ჟურნალისტილის მიმართულებით, ურჩევს; ასევე მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს და პოლიტიკური თოქ-შოუების მომზადებას, ასევე არასაპარლამენტო პარტიების ხედვების გადმოცემას არასაარჩევნო პერიოდშიც ურჩევს.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია თბილისში 16 ოქტომბერს ჩამოვიდა და არაერთი შეხვედრა გამართა როგორც პოლიტიკურ პარტიებთან და საარჩევნო კანდიდატებთან, ასევე საარჩევნო კომისიების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. საარჩევნო პროცესს ორგანიზაცია 100-ზე მეტ საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი