ახალი ამბები

ძირითადი დარღვევები რომლებიც 21 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიკვეთა – საჩივრების რეესტრი

22 ოქტომბერი, 2017 • 2442
ძირითადი დარღვევები რომლებიც 21 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიკვეთა – საჩივრების რეესტრი

21 სექტემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამ დროისთვის, ჯამში, 306 საჩივარი დაიწერა. დამკვირვებელი არასამთავრობოები ამბობენ, რომ ამ არჩევნებზე გამოკვეთილი ყველაზე მასშტაბური მავნე ტენდენცია სამაგიდო სიებიდან ამომრჩეველთა მონაცემების ამოწერა იყო, ხოლო სხვა სახის დარღვევებს მსგავსი ტენდენციის სახე არ ჰქონია

დაფიქსირებული საჩივრების მიხედვით ლიდერობენ ვაკის, კრწანისის, მარნეულის ოლქები, სადაც, 22 ოქტომბრის მონაცემებით, აქ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს 30-ზე მეტი საჩივარი აქვთ დაწერილი. “სამართლიანი არჩევნების” ცნობით, ყველაზე კრიტიკული დარღვევები მარნეულში ფიქსირდებოდა.

საჩივრების უდიდეს ნაწილზე, როგორც “საჩივრების რეესტრიდან” ირკვევა, ცესკოს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ამავე გვერდზე ყველა საჩივრის დასკანერებული დოკუმენტი ხელმისაწვდომი არ არის – ზოგიერთი მათგანი არ იხსნება.

სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) დიდი ოდენობით საჩივარი დაწერა მარნეულის ოლქში მათი დამკვირვებლების მიერ აღრიცხულ დარღვევებთან დაკავშრებით. ერთ-ერთი საჩივარი ეხება №52 საარჩევნო უბანზე მარკირების გარეშე ამომრჩევლისთვის   ბუილეტენის გადაცემას, ასევე, № 77 უბნის 30 წუთით დაგვიანებით გახსნას, №50 უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით ამომრჩევლისთვის ხმის მიცმის უფლების მიცემას, ამავე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სხვის ნაცვლად მიაცემინა ხმა.  ამ უბნებზე “სამართლიანი არჩევნები”კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

“სამართლიანი არჩევნების” საჩივრის თანახმად, მარნეულის №31 უბანზე საერთოდ არ ხდებოდა ამომრჩევლის მარკირება. საჩივარში წერია, რომ დამკვირვებლის არაერთი შენიშვნის მიუხედავად, ეს დარღვევა არ აღმოფხვრილა. ამავე უბანზე, კიდე ერთი საჩივრის თანახმად, დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი არ ჩაიბარა კომისიის თავმჯდომარემ ასევე არ გაკეთებულა შესაბამისი მითითება ჩანაწერთა წიგნში.

“ცესკოს” საჩივრების რეესტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხება, მათ შორის, კომისიის წევრებს შორის- წილისყრის პროცედურის დარღვევა ჩუღურეთში, მართვის მოწმობით ხმის მიცემა ნაძალადევში, კომისიის თავმჯდომარის დაგვიანება საარჩევნო უბანზე გორში, რეგისტრატორების დისციპლინური გადაცდომები.

საიას მიერ დაწრილი ერთ-ერთი საჩივარი ეხება ოლქში დაულუქავი საარჩევნო დოკუმენტების მიტანას კახეთში: “№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში №1 საარჩევნო უბანმა დაულუქავი საარჩევნო დოკუმენტაცია და მასალები მოიტანა, რითაც დაირღვა კანონმდებლობა”- ვკითხულობთ საჩივარში. აქ საიამ კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა მოთხოვა.

საიას არაერთო საჩივარი აქვს  დაწერილი პარტიის წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლის მონაცემების ამოწერასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში დაფიქსირებულ საჩივარში საია დარღვევის აღმოფხვრას და  კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას ითხოვს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, მხოლოდ სამაგიდო სიებიდან ამომრჩეველთა მონაცემების ამოწერასთან დაკავშირებით ასზე მეტი საჩივარი დაწერეს, თუმცა,  რეესტრში ისინი ჯერ არ არის დაფიქსირებული.

“ადამიანის უფლებატა ცენტრმა” საგარეჯოში ასევე მარკირების წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაწერა საჩივარი. საჩივრის თანახმად, ნაკადის მომწესრიგებელი მარკირებას არ უმოწმებდა ამომრჩეველს.

რაც შეეხება პარტიებს, რეესტრში ამ ეტაპზე “ქართულ ოცნების” მხოლოდ ერთი საჩივარი არის ასახული, რომლის თანახმადაც, ისინი მარტვილის ოლქში N1, N2, N10, N13, N18, N21,N 26 N30, N35, N36 უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას, დალუქული პაკეტების გახსნას და ხელახალი დათვლას ითხოვენ. “ქართული ოცნება აცხადებს, რომ ამ უბნებზე ოქმებში არასწორად არის შეტანილი ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა.

100-ზე მეტი საჩივარი აქვს დაწერილი “ნაციონალურ მოძრაობას“. საჩივრები ეხება დარღვევებს – კაბინის გარეთ კანდიდატების შემოხაზვას, “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენლის უბანზე ყოფნას, შემაჯამებელი ოქმის გადასწორებას, ბათილი და არაბათილი ბიულეტენების შერევას და ა.შ.

“ევროპული საქართველოს” 10-მდე საჩივარი არის ამ დროისთვის დაფიქსირებული რეესტრში. საჩივრები ეხება აგიტაციას კენჭისყრის დღეს უბნის ტერიტორიაზე, საკონტროლო ფურცლის ყუთში ჩაგდების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის დაწყებას, ასევე, მათაც აქვთ საჩივარი დაწერილი სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლის მონაცემების ამოწერაზე და ა.შ.

„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მიერ დაწერილი 17 საჩივარი არის რეესტრში დარეგისტრირებული. საჩივრები ეხება კენჭისყრის შეჯამების პროცედურის დარღვევას, ხოლო 11 შემთხვევაში ისინი სხვადასხვა უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი