ელისაშვილი: უნდა შეგვეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება, ვულოცავ კალაძეს გამარჯვებას

ალეკო ელისაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანია უთანასწორო გარემოში მიმდინარეობდა. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მის მიმართ მიმდინარეობდა ანტიპიარკამპანია:

“ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში იყო ძალიან უთანასწორო. ვხედავდით, რომ ერთი მხრივ, იყო  ათეულობით მილიონი რეგისტრირებული, ლეგალური თუ არალეგალური ფული, სახელისუფლებო მედიის უზარმაზარი მხარდაჭერა იყო, იყო საშინელი ანტიპიარი ჩემ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში, იყო უშიშროების ძალიან  აქტიური ჩართულობა. გუშინ ვნახეთ აღმაშფოთებელი და ძალიან მიუღებელი ფაქტები, როდესაც ადამიანებს ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე. უნდა აღვნიშნო, რომ ამ უზარმაზარი უთანასწორობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ გაძვრა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაუსხლტა მეორე ტურს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით და მხოლოდ და მხოლოდ 1%-ით. თანაბარ ბრძოლაში რა მოხდებოდა, თავად წარმოიდგინეთ,” – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, შედეგების აღიარება ყველას უნდა შეეძლოს და ამდენად, კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ელისაშვილის თქმით, ის მხოლოდ მიესალმება, თუ კალაძე მოახერხებს, რომ თბილისი უკეთეს ქალაქად აქციოს:

“თუმცა, ამის მიუხედავად, ცესკოს შედეგები არის ოფიციალური. მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ ჩვენ ყოველთვის იდეებზე გველაპარაკა და სიძულვილით არ გვესაუბრა, ერთმანეთის ზიზღით. წარსულზე აღარ ვისაუბროთ, მე ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება მსურს და ეს ახალი კულტურა იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება.

ამდენად, მე გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს. ვუსურვებ, რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი. ამით იმის თქმაც მინდა, რომ მე ვიბრძოდი არა სავარძლისთვის, მერობისთვის, კაბინეტისთვის, არამედ უკეთესი ქალაქისთვის და თუ კახა კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები ამ ყველაფერს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის მერის არჩევნებში ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ მოიგო 51.06 %-ით, ხოლო მეორე ადგილზეა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.