“ეს მხოლოდ დასაწყისია” – ჯოზეფ სმიტი საბურთალოს ოლქში მესამე ადგილზე გავიდა

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, მესამე ადგილზე გავიდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჯოზეფს საბურთალოს მესამე ოლქში ამომრჩევლის 14.04%-მა დაუჭირა მხარი, რაც 2702 ადამიანს ნიშნავს.

საბურთალოს მესამე მაჟორიტარულ ოლქში, როგორც პრაქტიკულად ყველგან, სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა – დავით ურთმელიძეს 49.96-მა დაუჭირა მხარი, რაც 9616 ამომრჩევლის ხმას ნიშნავს. ამავე ოლქში მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნინო კვიტიაშვილი გავიდა 15.29%-ით (2943 ამომრჩეველი).

ჯოზეფი მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, მოხალისეს და მეგობარს გვერდში დგომისთვის, ასევე, ყველა ამომრჩეველს მათი ხმებისთვის. ის დავით ურთმელიძეს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს. სმიტი ფიქრობს, რომ მან და მისმა მეგობრებმა სერიოზული შედეგი დადეს.

როგორც საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი ჟურნალისტი აცხადებს, მესამე ადგილი სულაც არ არის სამარცხვინო შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ 2 თვის წინ თითქმის უცნობი სახე იყო, ხოლო ფინანსური რესურსი ძალზე მწირი ჰქონდა – სულ 1800 ლარი სექტემბერში.

“ვერ დავიმსახურე საბურთალოს მაჟორიტარობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მართლა დავიმსახურე ადგილი მუნიციპალურ პოლიტიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ბატონ დავითს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი ბებიები, ბაბუები, ძმები, დეიდები, ბიძაშვილები და მეგობრები შევიძინე. მიმიღეს მათ ოჯახებში, პირადად გამაცნეს მათი პრობლემები და ვფიქრობ, საფუძველი ჩავუყარეთ ერთობლივ მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. არ გავექცევი საბურთალოს – დღესვე შევუდგები ჩვენს გარემოზე ზრუნვის საქმეს – საარჩევნო პოსტერების მოხსნით – და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წინ გვაქვს,” – აცხადებს ჯოზეფი.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა გაუსწრო: ევროპული საქართველოს, ბურჯანაძე-კუკავას, პატრიოტთა ალიანსის და ლეიბორისტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.