ახალი ამბები

ცქიტიშვილი: ყარაჯალაში ამომრჩევლებს “ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებდა

22 ოქტომბერი, 2017 • 1982
ცქიტიშვილი: ყარაჯალაში ამომრჩევლებს “ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებდა

ადამინის უფლებათა ცენტროს ხელმძღვანელმა, ალექსანრე ცქიტიშვილმა 21 ოქტომბრის თვითმართველობის  კენჭისყრის დღე შეაჯამა და განაცხადა, რომ საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

მათი ცნობით, სოფელ ყარაჯალაში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებდა.

“თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები სოფელ ყარაჯალის ცენტრში ერთად არის განლაგებული. აქვე არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული იყვნენ პარტიის მხარდამჭერები. მათთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა მათ არ დაეტოვებინათ ტერიტორია და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.  მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ყარაჯალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების წინ შეკრებილ ამომრჩევლებს რჩევა-დარიგებებს აძლევდა და, სავარაუდოდ, აქტიურად ეწეოდა აგიტაციას,”- აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

დარღვევები სოფელ დუზაგრამაში

ორგანიზაციის ცნობით, საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38- საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) კენჭისყრის დაწყებისას დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი: “რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენში კაბინის გარეთ შემოხაზა 41 ნომერი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განაცხადა, ეს სოფელი მისია და თვითონ წყვეტს, რა როგორ გააკეთოს.”

ამავე უბანზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მოხდა ფაქტი, როდესაც  ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს სთხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა კი, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი.

“ამავე უბანზე ამომრჩეველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გამოცხადდა. იგი გაატარეს სარეგისტრაციო ჟურნალში, რის შემდეგაც ცდილობდა ხმის მიცემას, მაგრამ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევების თაობაზე საჩივარი დაწერა. კომისიის წევრები უარს აცხადებდნენ საჩივრის რეგისტრაციაზე. დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დაარეგისტრირა,”- აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

მარკირების წესის დარღვევა

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38- საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) განმეორებით ხმის მიცემას ცდილობდა ქალი, რომელსაც თითზე მარკირების სითხე აღენიშნებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მიუთითა კომისიის წევრებს, არ დაეშვათ ეს ამომრჩეველი უბანზე. კომისიის წევრებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ ქალბატონი ექიმი იყო და მარკირების სითხე შესაძლოა ამის გამო მოხვედრილიყო მის ხელზე. ფაქტს შელაპარაკებაც მოჰყვა. საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის დაჟინებული მოთხოვნით, მარკირებულ ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს და განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს.

დარღვევები სოფელ ქეშალოში

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 41-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ქეშალო) ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე დარღვევაზე საუბრობს:

[checklist]

  • ნაკადის მომწესრიგებელი ბევრ ამომრჩეველს ერთდროულად უშვებდა უბანზე ისე, რომ არ ამოწმებდა მარკირებას.
  • საარჩევნო უბანზე ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ამომრჩევლის ქმარი იყო. საარჩევნო კომისიის წევრებმა მამაკაცს არც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს და არც გაარკვიეს, რეალურად ვინ იყო. კაცი ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა საარჩევნო კაბინაში და სავარაუდოდ თვითონვე შემოხაზა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ნომერი.
  • ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე შეუშვა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა უკვე მიცემული ჰქონდა.
  • კომისიის წევრები დარღვევებზე არ რეაგირებდნენ. ჩამოთვლილ დარღვევებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაარეგისტრირა საჩივარი, მაგრამ ასახულ დარღვევებზე  კომისიის არც ერთი წევრი არ დაემოწმა.

[/checklist]

 

პარტიის ერთდრულად ორი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე

ცენტრის ცნობით, ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ჯოყოლო) პარტია „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი ერთდროულად იმყოფებოდა, რაც საარჩევნო კანონის დარღვევაა, თუმცა დამკვირვებლის მითითების შემდეგ ერთ-ერთ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს.

საარჩევნო კომისიის წევრი არ გამოცხადდა

ცენტრის ინფორმაციით, ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე (სოფელი დუისი) საუბნო საარჩევნო კომისიის მე-13 წევრი – ნათელა მარგოშვილი არ გამოცხადდა.

“კომისიის სხვა წევრები ნათელა მარგოშვილს ტელეფონით დაუკავშირდნენ. მან განაცხადა, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, რის გამოც რცხვენია და პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა კენჭისყრის დღეს,”- აცხადებს ადამიანის ულებათა ცენტრი. 

ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა

ორგანიზაციის ცნობით, თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ყარაჯალა) მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება არ ჰქონდა, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლებას უზღუდავდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მათივე ცნობით, როგორც აღმოჩნდა, ამ ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი.  

“კომისიის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს განუცხადა, რომ რეგისტრატორი დაღლილი იყო. ამასთან, მას უკვე ჰქონდა ერთი ახსნა-განმარტება დაწერილი, ამიტომ მეორე ახსნა-განმარტებას ვერ დააწერინებდა. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ კომისიის წევრებმა საოლქო კომისიაში დარეკეს, საიდანაც მიიღეს მითითება, ხელი არ შეეშალათ ხმის მიცემის პროცესისთვის. ამის შემდეგ ამომრჩეველმა შეძლო ხმის მიცემა, ხოლო კომისიის წევრმა კიდევ ერთი ახსნა-განმარტება დაწერა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ფაქტის თაობაზე ჩანაწერთა წიგნში შეიტანა შენიშვნა.

კენჭისყრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე საარჩევნო უბანზე იგივე დარღვევა განმეორდა – კვლავ მოვიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება არ ჰქონდა, მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო გრაფაში კი უკვე სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი.  ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი,”- აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.


 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში: კახეთში – საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში;  შიდა ქართლში – გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში აკვირდებოდა.

20:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 3 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

მასალების გადაბეჭდვის წესი