ახალი ამბები

ქარტიის საბჭო არჩევნების დროს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებს ეხმაურება

21 ოქტომბერი, 2017 • 1455
ქარტიის საბჭო არჩევნების დროს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მათ კოორდინატორებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში.

ქარტია ეხმაურება დღეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს:

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას თბილისში, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტური საქმიანობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“ რედაქტორს. ბათუმში კი, N12 და N63 საარჩევნო უბნებთან “რუსთავი 2”-სა და “ობიექტივის” ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, ვინაიდან, მათი თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

“არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამ პროცესში დიდი როლი სწორედ ჟურნალისტებს აკისრიათ. კენჭისყრისას დარღვევების და ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის გაშუქება მათი მოვალეობაა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავებსაც, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელება”, – ნათქვამია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი