ახალი ამბები

ადვოკატი: “ტრაქტორების საქმეზე” დაკავებულებზე ზეწოლა ირიბად ხდება

13 ივნისი, 2013 • • 1346
ადვოკატი: “ტრაქტორების საქმეზე” დაკავებულებზე ზეწოლა ირიბად ხდება

ამის შესახებ ადვოკატმა “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

ბარათაშვილის განცხადებით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ბრალდების მხარე დამატებით ორ თვეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებისთვის ითხოვს:

 

“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარე ითხოვს ორი თვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების გაგრძელებას. სამწუხაროდ, გამოძიება თავიდანვე არასწორი გზით წავიდა და ცრუ ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო,”– აცხადებს სოსო ბარათაშვილი.   

 

ადვოკატის მტკიცებით, ე.წ. ტრატორების საქმეში ბევრი ხარვეზია. გამოძიება დაკავებულებს დაბალი ხარისხის ტრაქტორების მაღალ ფასში შეძენაში ადანაშაულებს:

 

“ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დადასტურდა, რომ ჩეხური წარმოების ტრაქტორი “ზეტორ 210” გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე  “ნიუჰოლანდის” ტრაქტორი. ამიტომ მასში უფრო მაღალი ფასის გადახდა გამართელებულია.”   

 

სოსო ბარათაშვილი
სოსო ბარათაშვილი

სოსო ბარათაშვილის განცახდებით, გამოძიება საქმის შესწავლისას ექსპერტიზის არასწორ დასკვნას დაეყრდნო:

 

“საქმეში პირველი ხარვეზია ის, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც იხელმძღვანელა გამოძიებამ, რომელიც წინასწარი გამოძიებისას იყო ჩატარებული, არასწორ მონაცემებზე იყო დაფუძნებული. ეს არის სრულიად ნათელი და ამას უარყოფს სხვა ექსპერტების დასკვნები, რომელიც ჩვენ დღეს ხელთ გაგავაჩნია. ასევე, დაშვებულია რამდენიმე უხეში შეცდომა სპეციფიკის დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით. სპეციფიკაციის დამდგენ კომისიზაე საერთოდ არ ხდებოდა ტრაქტორებზე საუბარი, იქ ხდებოდა მხოლოდ პარამეტრების განსაზღვრა შესასყიდი ტექნიკისა. თითოეულ საკითხზე ხდებოდა სკრუპულოზური მსჯელობა და მხოლოდ მსჯელობის შედეგად ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. წინასწარი გამოძიების მსვლელობამ მიჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც გამყარდებოდა ჩვენება. ბრალდების მხარეს არ აქვს პოზიცია ბრალდების გასამყარებლად. მათ არ სურთ აღიარონ თავისი დაშვებული შეცდომები. ისინი ცდილობენ კიდევ ორი თვით გააგრძელონ წინა სასამართლო გამოძიება, რაც, ერთი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და, მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც პატიმრობაში არიან, ირიბად უბიძგებენ, რომ მისცენ აღიარებითი ჩვენება. ისინი არიან ასაკში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.” 

 

სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ გამოძიების მცდარი გზა გააბათილა ექსპერტების დასკვნებმა:


“ეს არის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეცვალა ბრალდების მხარესთან 15 ივნისს, რომელზეც უნდა დაფუძნებულიყო ჩვენი პოზიცია სასამრთლოს მიმდინარეობის დროს. ბრალდება გამოძიებისთვის დროის გახანგრძლივებას ითხოვს, რომ არ მოგვეცეს მტკიცებულებების წარდგენის საშუალება. დასკვნაში წერია, რომ არის შედარებული ორი ტრაქტორი „ზეტო პროქსიმა“ და თურქული წარმოების „ნიუ ჰოლანდი“ . ყველა დასკვნაში აღიარებულია, რომ უპირატესობა გააჩნია “ზეტო პროქსიმას”.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2013 წლის 5 მაისს შეუფარდა. მხოლოდ ერთ  მათგანს შეეფარდა გირაო  5 000 ლარის ოდენობით. 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაალჩინოსენები შსს–მ 2013 წლის იანვარში დააკავა. 

 

2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო ორმოცდათოთხმეტი მილიონი ლარი,  რაც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას.

 

ამ პროექტისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან ორმოცდაათი მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო- სამეურნეო  ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა დაევალა შპს “მექანიზატორს”. შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომელშიც შედიოდნენ როგორც შპს “მექანიზატორის”, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

 

შსს-ს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ, პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით ათი ათასი ევრო:

 

“2013 წლის იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა  დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

 

მხილებულმა პირებმა  დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე,  რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.

 

ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე; სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი – ზაზა მახარობლიძე; შპს მექანიზატორის დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე, მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი – ოთარ ქარჩავა. 

 

ამ ფაქტის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე დაკავებული თამამდებობიდან გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი