ახალი ამბები

საზოგადოებრივი დამცველი: გლდანში კომისიის წევრმა ამომრჩეველს კაბინაში საუბარი დაუწყო

21 ოქტომბერი, 2017 • 1040
საზოგადოებრივი დამცველი: გლდანში კომისიის წევრმა ამომრჩეველს კაბინაში საუბარი დაუწყო

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” დამკვირვებლებმა კენჭისყრის პროცესში გლდანში, ჩუღურეთსა და ნაძალადევში რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს.

მათ შორის, ორგანიზაციის წარმომადგენლის, არინა თავაქარაშვილის განცხადებით, გლდანის N13 უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრმა გახსნა ამომრჩევლის კაბინა და დაიწყო მასთან საუბარი, რაზეც “საზოგადოებრივი დამცველის” დამკვირვებლებმა რეაგირება მოახდინეს. ორგანიზაციას არ დაუზუსტებია, რომელი პარტიის დანიშნული იყო კომისიის ეს წევრი. 

რეგისტრატორთა სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების მონაცემების ამოწერის ფაქტი დააფიქსირა “საზოგადოებრივმა დამცველმა” ნაძალადევის N22 საარჩევნო  უბანზეც. კერძოდ, არინა თავაქარაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” რეგისტრატორისგან იწერდა ამომრჩეველთა პირად ინფორმაციას, რაზეც საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენელთან ერთად შენიშვნა მისცა ცესკოს წარმომადგენელმაც.

სხვა დარღვევები, რომლებზეც “საზოგადოებრივი დამცველი” საუბრობს:

[checklist]

  • დარღვევა იყო გლდანის N80 და N47 უბნებზეც, სადაც კომისიის წევრი თავად აძლევდა კონვერტებს ამომრჩეველს, რაც დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ იქნა გამოსწორებული.
  • წილისყრის პროცედურების დარღვევები – კერძოდ, დარღვევა დაფიქსირდა ნაძალადევის რაიონის N97 უბანზე, სადაც დაავიწყდათ ყუთის დალუქვა, შეცდომა გამოასწორეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც  „საზოგადოებრივი დამცველის“ დამკვირვებელმა მიუთითა. ასევე, ნაძალადევის რაიონის N97 უბანზე დაფიქსირდა მარკირების გარეშე ხმის მიცემის პროცედურა.
  • კომისიის წევრის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება – კერძოდ, „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლებმა დარღვევები დააფიქსირეს გლდანის კონკრეტულ უბნებშიც. კერძოდ: N57 უბანზე უბნის გახსნისას არ გამოცხადდა კომისიის ყველა წევრი, N58 უბანზე მდივანმა ჩანაწერთა წიგნში დაუშვა შემდეგი სახის შეცდომა: ყველა სახის დამკვირვებელს (საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს) მიანიჭა ერთი და იგივე სტატუსი.
  • „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა ჩუღურეთის რაიონის N39 უბანზე, სადაც ამომრჩეველს უშვებდნენ სათითაოდ, თავჯდომარის სურვილის მიხედვით, რის გამოც საარჩევნო უბანზე დადგა რიგი, ამას მოჰყვა ამომრჩევლის უკმაყოფილება.
  • ჩუღურეთის N18 და N42 უბნებზე დააფიქსირა შემდეგი სახის დარღვევა: აღნიშნული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იდგნენ „ედისონის“ ინტერვიუერები, რომლებიც ამომრჩევლებს სთხოვდნენ საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინათ მას შემდეგ, რაც დატოვებდნენ უბანს. დაფიქსირებულ არჩევანს კი ათავსებდნენ ყუთში.  აღნიშნული დარღვევის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის დამკვირვებელმა მიმართა თავჯდომარეს, თავმჯდომარემ შეატყობინა ოლქს, რის შემდეგაც მოხდა რეაგირება და „ედისონის“ ინტერვიუერებს დაატოვებინეს უბანი.”

[/checklist]

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი