ახალი ამბები

რატომ ურეკავენ ამომრჩევლებს კალაძის მხარდამჭერთა კლუბიდან

21 ოქტომბერი, 2017 • 5429
რატომ ურეკავენ ამომრჩევლებს კალაძის მხარდამჭერთა კლუბიდან

ბოლო ერთი საათის განმავლობაში “ნეტგაზეთს” არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებმაც გვაცნობეს, რომ მათ ტელეფონით დაუკავშირდნენ კალაძის მხარდამჭერთა კლუბიდან.

მოქალაქეები ამბობენ, რომ კლუბის წარმომადგენელი მათ ეკითხება – “იყვნენ თუ არა უკვე არჩევნებზე და დააფიქსირეს თუ არა უკვე არჩევანი?” როგორც მოქალაქეები გვიცხადებენ, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მათი ტელეფონის ნომრები ჰქონდა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს, ზოგიერთმა მათგანმა გაარკვია, რომ ტელეფონის ნომრები კლუბმა ამ მოქალაქეების უბანში მომუშავე “ოცნების” კოორდინატირების საშუალებით მოიძია.

ჩვენ დავრეკეთ იმ ნომერზე, საიდანაც მოქალაქეებს ურეკავენ. დაგვიდასტურეს, რომ ნომერი მართლაც კალაძის მხარდამჭერთა კლუბის წარმომადგენელს ეკუთვნის. ვკითხეთ, თუ რატომ უკავშირდებიან ისინი მოქალაქეებს, რაზეც გვიპასუხეს:

“უბრალოდ, გვაინტერესებს მოხალისეებიდან და ეს არის მოხალისეების და სამეგობრო კლუბი და გვაინტერესებს, ადამიანები მივიდნენ თუ არა არჩევნებზე, არ გვაინტერესებს, როგორი არჩევანი გააკეთეს.”

თუ საიდან მოიპოვეს მათ ტელეფონის ნომრები, ამ კითხვაზე აღარ გვიპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საარჩევნო უბნებში ქართული ოცნების წარმომადგენლები რეგისტრატორების უკან დგანან და აღრიცხავენ თითოეულ მისულ ამომრჩეველს უბანზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამომრჩევლის კონტროლის მიზნით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი