ახალი ამბები

ცესკო: ყველა უბანი დროულად გაიხსნა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

21 ოქტომბერი, 2017 • 1186
ცესკო: ყველა უბანი დროულად გაიხსნა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

“ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაისნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”,- აღნიშნულის შესახებ ცესკოში გამართულ პირველ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება.

ანა მიქელაძის თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები  64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

“ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანში მათ  გადაეცემათ სამი სახის ბიულეტენი: ერთი – ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად, მეორე – ვარდისფერი ბიულეტენი – საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, მესამე – ღია მწვანე ფერის ბიულეტენი – თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-სომხურ და ასევე, სამენოვანი ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე ბიულეტენები ეთნიკური უმცირესობის ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამის უბნებზე. საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლები ისარგებლებენ გამადიდებელი ლინზით, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილია ბიულეტენის შესავსები ჩარჩო-ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ სპეციალური პოსტერის მეშვეობით, ხოლო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულ 1153 საარჩევნო უბანზე განთავსებულია სპეციალური ხმის მიცემის კაბინები.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820  ჟურნალისტი.

20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

“აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“,-  განაცხადა ანა მიქელაძემ.

მიქელაძეს ჰკითხეს, ეატომ დაგვიანდა მთწმინდაზე, ერთ უბანზე უბნის გახსნა, მან განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს და გადამოწმების შემდეგ მომავალ ბრიფინგებზე განაცხადებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი